ჩემი ოჯახის წევრები აპირებენ, რომ მიმართონ სალომე ზურაბიშვილს შეწყალებაზე, – ამის შესახებ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გირგორიადისი აცხადებს.
ლაზარე გირგორიადისმა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ კითხვებს უპასუხა.
„ჩემი ოჯახის წევრები აპირებენ, მიმართონ სალომე ზურაბიშვილს ჩემს შეწყალებაზე. ჩემი თხოვნა აღარ სჭირდება. მე დაახლოებით ვხვდები, როგორი პიროვნებაცაა ჩვენი პრეზიდენტი. ასე რომ, ვფიქრობ, შეხსენებები, შეწუხება არ სჭირდება. თუ შემიწყალებს, პირისპირ გავესაუბრებოდი დიდი სიამოვნებით, საერთო მიზნები გვამოძრავებს, ხელისუფლებისგან განსხვავებით. მე ეჭვი არ მეპარება მის ქმედებებში და მისწრაფებებში. ვხედავ და საზოგადოებაც ხედავს ყველაფერს, რასაც ის აკეთებს ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. მისი გადასაწყვეტია, შემიწყალებს თუ არა, ჩემს შეხედულებებს შეწყალების ფაქტორი არანაირად არ ცვლის“, – აცხადებს გრიგორიადიასი.
ამასთან, გრიგორიადისი აცხადებს, რომ აქციებზე ქვეყნის ევროპულ კურსს იცავდა.
„რუსული კანონის გაპროტესტების დროს ჩვენ არამარტო კანონს ვაპროტესტებდით, არამედ ვიცავდით ჩვენ ევროპულ კურსს. ასევე, მოგვიწია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა იმის შემდეგაც, რაც მათ სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყეს აქციის დაშლა. აქაც განვმეორდები, არაფერს ვნანობ“, – აცხადებს ლაზარე გრიგორიადისი.
კითხვაზე, ესროლა თუ არა პოლიციელს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი, გრიგორიადისი ასე პასუხობს: „მე ვისროლე „მოლოტოვი“, ჰი, ჰი, ჰი. როგორც ჩანს, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ არის საკმარისი. მობრძანდნენ ჩემთან დაზარალებულები, „ლევომეკოლს“ წავუსვამ და babuska boi-ს მოვასმენინებ“, – აცხადებს ბრალდებული.
ამასთან, ლაზარე გრიგორიადისი გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობაზეც საუბრობს.
„საშინელებაა, რაც აქ ხდება, სრული უპასუხისმგებლობა, კადრების ნაკლებობაც არის, დისკრიმინაციული მენიუ აქვთ, ინფრასტრუქტურა – ნაგავი, სააბაზანოებში ობია გავრცელებული, გაფუჭებული პროდუქტით დამზადებული საკვები, გაურეცხავი, მოუხარშავი, დაბინძურებული….მაღაზიის მომსახურებაც ნაგავია, როგორ მოიგო ტენდერი შპს „ექსპრეს ქსელმა“, ვერ ვხვდები. ორი დღე ერთი და იგივე საკვებია, ოთხშაბათი, პარასკევი, რადგან არიან პატიმრები, რომლებიც მარხულობენ. მარხულობ, არ მარხულობ, გწამს, არ გწამს, არ აინტერესებთ. მრავალფეროვნება არ გექნება, რადგან პატიმრების უმეტესობა ქრისტიანია. არაფერია, რითიც შეიძლება, პატიმრებმა ივარჯიშონ, სასეირნოდ ჯერ მოხდილ საკანში შედიხარ, სადაც ნორმალურად ვერ ირბენ, მაგიდა საკანში იმდენად უცნაური ზომისაა, დიდი ხანი თუ გიწევს წერა, ხატვა ან რამე მაგდაგვარი, სკამიდან განადგურებული დგები, ხერხემლის პრობლემები გაგიჩნდება, მაგიდასთან თუ მუშაობ. დაჟანგებულია თითქმის ყველაფერი, საკნის კარის გარდა. სუპში მინახავს გაყავისფრებული, დამპალი მწვანილი, კატლეტში მინახავს ბუსუსები, ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის მწვანე ნაგლეჯი ამოვიღე ერთხელ, წიწიბურას კეფირი მოვასხი და კეფირი გაყავისფრდა, ალბათ, იმიტომ, რომ გაურეცხავად, პირდაპირ ყრიან და ხარშავენ წიწიბურას. მოუხარშავი კარტოფილი შემხვედრია სუპში, ამ საკვებს იღებს ყველა ის პატიმარი, ვისაც საშუალება არ აქვს, რომ მაღაზიის საკვები იყიდოს. არაჰიგიენურად მზადდება ყველაფერი, მოკლედ რომ ვთქვა. დღეს, მაგალითად, პირველად გადავწყვიტე, კომპოტი გამესინჯა, არ ვიცი, ეს რა იყო, კომპოტს რატომ ეძახიან, ვერც ამას ვხვდები, ჩაის კი ჩაის ფერი არ აქვს და „მანი ქაშის“ გემო აქვს ხოლმე. სოსისი, რომ შემოვედი, მაშინ კარგი იყო, ახლა შეცვალეს, გემოს აღწერა მიჭირს, იმდენად ცუდია, ბევრად იაფი ჯდება ეს ალბათ, ახლა რითიც შეცვალეს. მაღაზიას რაც შეეხება, რის გამოც ვშიმშილობ და ხელს „ვიჩეხავ“, თავიდანვე შევამჩნიე რაღაც ხარვეზები მაღაზიის მუშაობაში. რადიო ვიყიდე, 3 კვირა ელემენტები ვერ ვიყიდე, ბოლოს კამერა დავწვი, შემოიტანეს ელემენტები, სიაში ერთს ვწერდი, მეორე მოჰქონდათ, რანაირად შეიძლება თეთრი შოკოლადი შავში აგერიოს, აი, ასეთი პრიმიტიული შეცდომებით მოსულა შეკვეთა, ერთი-ორი თვის წინანდელ ამბავს გიყვებით. ყვირილს ასე თუ მივეჩვეოდი, არ მეგონა, ყველაფერზე „ვჭედავ“. ამ ბოლო ხანებში აღარ ვიკავებ ბრაზს. ახლა ბოლოს, ახალი საყვედური მივიღე შეურაცხყოფის მიყენებაზე, ერთი კვირა, რასაც ვწერდი, არაფერი ამოდიოდა, ვრჩებოდი მშიერი. ბოლოს ხელსახოცი, კეტჩუპი და სოსისი დავწერე, ხელსახოცი ამოვიდა, სოსისი – არა. მოკლედ, აბსურდია, რაც აქ ხდება. რანაირად შეიძლება ასეთმა კომპანიამ ტენდერი მოიგოს, ვერ ვიგებ. თავის ელემენტარულ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, სასაქონლე ბაზაში რაც უწერია, ის ვერ მოაქვს მაღაზიამდე. დისტრიბუციის ბრალია თუ მაღაზიის, არ ვიცი, თან პასუხისმგებელიც არავინ არის, შენ თუ მშიერი რჩები. ახლა ეს სტრატეგია მაქვს, ვწერ სიას, ყველა თუ ამოვა იქიდან, ერთ პროდუქტს დავიტოვებ და შევჭამ, დანარჩენს სხვა საკანში ვაწვდი სხვას (ძალიან იშვიათია, რომ პროდუქტების დაწერილი სიიდან ყველაფერი ამოვიდეს)“, – აცხადებს გრიგორიადისი.