ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს პარლამენტის და მთავრობის გადასაწყვეტია, რა უნდა გააკეთოს, თუმცა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას
საქართველოს პარლამენტის და მთავრობის გადასაწყვეტია, რა უნდა გააკეთოს, თუმცა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ევროპული საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოში ყოფნისას მტკიცე გზავნილი ჰქონდათ.
„რაც შეეხება ვითარებას საქართველოში, ჩვენ მტკიცე გზავნილი გვქონდა, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ვიმყოფებოდით საქართველოში, რათა გვესაუბრა მთავრობასთან და ხელისუფლებასთან, მხარი დაგვეჭირა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისთვის, რაც ახლა ნიშნავს, რომ მთავრობამ და პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, რას აკეთებს უცხოური დაფინანსების შესახებ კანონთან დაკავშირებით. ჩვენ მოვითხოვეთ მისი გაუქმება, პრეზიდენტმა ვეტო დაადო ამ კანონს. ასე რომ, სუვერენული ქვეყნის, საქართველოს, პარლამენტის და მთავრობის გადასაწყვეტია, რა უნდა გააკეთოს, თუმცა საქართველოს პროევროპული გზა და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი სერიოზული, არ ვიტყვი საფრთხის, მაგრამ გამოწვევის წინაშე დგას. ეს არის ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ბაიბა ბრაჟემ.