ლატვიის პრემიერ-მინისტრი - ქვეყანაში პრორუსი აქტივისტების რადიკალური ქმედებებისთვის სასჯელი მკაცრი იქნება
ლატვიის პრემიერ-მინისტრი - ქვეყანაში პრორუსი აქტივისტების რადიკალური ქმედებებისთვის სასჯელი მკაცრი იქნება

ლატვიაში პრორუსი აქტივისტების რადიკალური ქმედებებისთვის სასჯელი მკაცრი იქნება. ამის შესახებ ტელეკომპანია LNT-სთან ინტერვიუში ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, მარის კუჩინსკისმა განაცხადა.

„ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის ქვეყანა კანონის სრული სიმკაცრით დასჯის“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ სასჯელი ლატვიის სახელმწიფო პოზიციის დემონსტრაცია იქნება.

ამავე დროს, კუჩინსკისმა განაცხადა, რომ აქტივისტებისადმი სამართალდამცველების დამოკიდებულება არ იქნება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა.

ლატვიის პრემიერმა ქვეყანაში პრორუსი აქტივისტების ალექსანდრ გაპონენკოსა და ვლადიმერ ლინდერმანის დაკავებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია დაგეგმილ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომლებიც განათლების რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

ლატვიის პრეზიდენტმა, რაიმონდ ვეიონისმა 2 აპრილს ხელი მოაწერა განათლების კანონს, რომლის თანახმადაც, ნაციონალური უმცირესობების სკოლებში სწავლა ლატვიურ ენაზე იქნება. საგანმანათლებლო რეფორმის გამო, რუსეთმა ლატვია რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.