ლატვიის მარეგულირებელმა კომისიამ „პირველ ბალტიურ არხს“ მაუწყებლობა აუკრძალა
ლატვიის მარეგულირებელმა კომისიამ „პირველ ბალტიურ არხს“ მაუწყებლობა აუკრძალა. აღნიშნული არხი რუსული პირველი არხის გადაცემების ტრანსლაციას სთავაზობდა მაყურებელს.
როგორც ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში განაცხადეს, „პირველი ბალტიური არხისთვის“ ლიცენზიის გაუქმება ევროპული კანონმდებლობის დარღვევას უკავშირდება, მათ შორის სხვა მაუწყებლების გადაცემების ეთერში გაშვება.
ამასთან, ლატვიური კანონით, მაუწყებელი ვალდებულია, მის მიერ ეთერში გაშვებული პროდუქციის 51 პროცენტი ევროპული იყოს, რაც ასევე არ აღმოჩნდა დაცული.
კიდევ ერთი დარღვევა უკავშირდება ადამიანების ჯანმრთელობას, რადგან ერთ-ერთ გადაცემაში ნათქვამი იყო, რომ კორონვარუსი გადამდები არ არის.
ეროვნული მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, „პირველი ბალტიური არხის“ მაუწყებლობა 26 ოქტომბერს უნდა შეწყდეს.