ლატვიელმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად ორი ტონა კოკაინი ამოიღეს
ლატვიელმა სამართალდამცველებმა ქვეყნისთვის რეკორდული ოდენობის, ორი ტონა კოკაინი აღმოაჩინეს.
ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების ღირებულება დაახლოებით ერთ მილიარდ ევროს შეადგენს.
სააგენტო „დელფის“ ცნობით, კოკაინი პოლიციის მიერ 8 იანვარს ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში კოკნესეს მხარეში ამოიღეს. ოპერაციაში ლატვიელ სამართალდამცველებთან ერთად აშშ-ის ნარკოტიკის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს კოპენჰაგენის განყოფილების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. დაკავებულია ლატვიის ხუთი მოქალაქე.
კონტრაბანდული ტვირთი ეკვადორიდანაა ტრანსპორტირებული. კოკაინი ბანანისთვის განკუთვნილ ყუთებში იყო მოთავსებული.
ლატვიის სახელმწიფო პოლიციის უფროსის, ინტს კუზისის განცხადებით, ლატვია ნარკოტიკის ტრანსპორტირებისთვის ტრანზიტულ ქვეყნად გამოიყენებოდა. მისი ვარაუდით, ლატვიის გავლით ნარკოტიკი სკანდინავიის ქვეყნებში ან რუსეთში უნდა გადაეტანათ.