ლატვიის ეროვნულმა არქივმა ლატვიის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) კარტოთეკა გამოაქვეყნა. ამ მიზნით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ КГБ-ს შესახებ კანონში შესწორებები ოქტომბერში შეიტანა.
დოკუმენტები მოიცავს ინფორმაციას სპეცსამსახურებში საბჭოთა კავშირის დროს დასაქმებული თუ გარიცხული პირების შესახებ, მათ საკონტაქტო ნომრებსა და სტრუქტურულ დანაყოფებს.
ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია როგორც ანბანური თანმიმდევრობით, ასევე სტრუქტურული დანაყოფის მიხედვით. დოკუმენტებში ასევე შეხვდებით ომის ან გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს გადასაბირებელ პირთა სიას, ისევე როგორც КГБ-ს თანამშრომელთა სიას, ვინც საბჭოთა კავშირის დროს საზღვარგარეთ გასვლას გეგმავდა.
კარტოთეკაში ასევე დაცულია მონაცემები შტატგარეშე ოპერატიულ მუშაკთა აღრიცხვის შესახებ და პირებზე, ვინც КГБ-ს სატრანსპორტო, სამრეწველო თუ თავდაცვით ობიექტებზე კონტრდაზვერვითი საქმიანობით დახმარება გაუწიეს.
2019 წლის მაისიდან სახელმწიფო არქივი КГБ-ს საქმიანობასთან დაკავშირებით სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებასაც გეგმავს, რაც რეგისტრირებული მომხმარებლისთვის ასევე ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე kgb.arhivi.lv.