„საბურთალოს” პრეს-სამსახურის ცნობით, გუნდს თავდამსხმელი ლაშა შინდაგორიძე დაუბრუნდა.
უნგრეთის უმაღლესი ლიგიდან “ბალმაზუივაროში” გავარდა და ლაშა შინდაგორიძემ გუნდის დატოვება გადაწყვიტა. 25 წლის ქართველი ლეგიონერი უნგრეთამდე “საბურთალოში” თამაშობდა. “ბალმაზუივაროშთან” კონტრაქტის მიხედვით, თბილისურ კლუბში დაბრუნების უფლება ჰქონდა და ამ უფლებით ისარგებლა.
ოთხი თვის წინ მას ჯვარედინი იოგები გაუწყდა და ახლა სარეაბილიტაციო კურსს გადის.
„სამი კვირაა, ინდივიდუალური პროგრამით ტრენაჟორებზე ვვარჯიშობ. ზოგადად, ამ ტრავმის მიღების შემდეგ, ვარჯიშს ოთხი თვის შემდეგ იწყებენ. ვფიქრობ, აგვისტოს ბოლოს ძუნძულს მეც დავიწყებ. უფეხბურთოდ ძალიან გამიჭირდა” – ამბობს შინდაგორიძე.
ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ უნგრეთში გატარებული პერიოდი მის კარიერაზე დადებითად აისახა.
„უნგრეთის ჩემპიონატში დონე აშკარად იზრდება, რაზეც ჩემპიონთა ლიგაზე უნგრეთის ჩემპიონის, “ვიდეოტონის” ფლეი-ოფში გასვლაც მეტყველებს. გუნდი ფეხბურთელების შეძენაზე ფულს არ იშურებს და სასურველ მოთამაშეში 2-3 მილიონსაც იხდის. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უნგრული ლიგა კარგი ტრამპლინია. კარგი იყო, ტრავმა რომ არ მიმეღო და კლუბი ლიგიდან არ გავარდნილიყო, მაგრამ ასეც ხდება. ახლა ყველაფერს ნულიდან ვიწყებ“, – განაცხადა ლაშა შინდაგორიძემ.