ლაშა კილაძე - ისეთი სისტემა უნდა შეიქმნას, ნებისმიერმა ბავშვმა იცოდეს, რომ ბავშვი, რომელიც მის გვერდით იზრდება, ოდნავ განსხვავებულია, მაგრამ მასზე უარესი არაფრით არ არის
ისეთი სისტემა უნდა შეიქმნას, ნებისმიერმა ბავშვმა იცოდეს, რომ ბავშვი, რომელიც მის გვერდით იზრდება, ოდნავ განსხვავებულია, მაგრამ მასზე უარესი არაფრით არ არის, – განაცხადა “ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” გენერალურმა დირექტორმა, ლაშა კილაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ნებისმიერ მოზარდს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ადამიანი, რომელიც მის გვერდით სწავლობს, შეიძლება მენტალურად განსხვავებულია, მაგრამ ამით ის უარესი არ არის. ამის განცდა ასევე უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მოზრდილსაც“, – განაცხადა კილაძემ.
ამ განცხადებით ლაშა კილაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოებაში ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს და სტიგმა მოიხსნას.
მისი თქმით, “ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” მუშაობს ადამიანი, რომელიც მენტალური პრობლემების მატარებელია, ის თავისი პროფესიონალიზმითა და შეგნებით იდეალური თანამშრომელია.
„მე, როგორც დაწესებულების მენეჯერი, ხაზგასმით ვამბობ, რომ სხვა მსგავსად მოწესრიგებული და კეთილსინდისიერი თანამშრომელი არ მყავს“, – განაცხადა კილაძემ.
როგორც ლაშა კილაძემ განაცხადა, ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომელიც ორგანიზაციაში მენტალური პრობლემების მქონე ადამიანების სრულ ინტეგრაციას მოახდენს.
„კამპანიების წარმოება საჭირო არ არის. ამას სპეციალიზებული სისტემა სჭირდება და ამას კონკრეტული კამპანიების ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. კამპანია კარგია, მაგრამ ის მთავრდება, სისტემა კი უნდა გაგრძელდეს და სისტემამ უნდა იმუშაოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. უკვე გვიან არის, ეს დიდი ხნის წინ უნდა დაგვეწყო, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, – განაცხადა ლაშა კილაძემ.