ეკა ჭყონია - ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისებს შორის ძალიან კარგი კოორდინაცია უნდა იყოს
ეკა ჭყონია - ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისებს შორის ძალიან კარგი კოორდინაცია უნდა იყოს

ფსიქიკური ჯანდაცვის გამართული სისტემა იმას ნიშნავს, რომ შენ გაქვს საკმარისი რაოდენობისა და მოცულობის სერვისები, რითაც ხერხდება, ადამიანს ღირსებისა და უფლებების დაცვით მოემსახურონ, – განაცხადა „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების“ თავმჯდომარემ, ეკა ჭყონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„იმისთვის, რომ ასეთი სისტემა არსებობდეს, უნდა გვქონდეს საკმარისი რაოდენობისა და ხარისხის სერვისები. რაც მთავარია, ამ სერვისებს შორის ძალიან კარგი კოორდინაცია უნდა იყოს. ამასთან, დაცული უნდა იყოს საზოგადოება, რომ თავიდან ავიცილოთ ცუდი შედეგები“, – განაცხადა ჭყონიამ.

მისი თქმით, თუ გვინდა, კარგი და გამართული სისტემა გვქონდეს, უნდა იყოს იმდენი სერვისი, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები საზოგადოებაში იყვნენ ინტეგრირებული, მაგრამ იყვნენ მოვლილი და მათზე ზრუნვა ხორციელდებოდეს.

„ეს ვერანაირად ვერ მოხერხდება, თუ სერვისებს შორის წყვეტა იქნება. იმიტომ, რომ პაციენტი მწვავე მდგომარეობაში მოხვდება საავადმყოფოში, მერე საავადმყოფოდან გაეწერება და კაცმა არ იცის, სად მიდის. რომ გამწვავდება, მერე ვიღაცას სადღაც მოჰყავს და ა.შ. აი, ეს არის ძალიან სერიოზულად დასალაგებელი. დღეს, ძირითადად, სწორედ კოორდინაციის პრობლემაა, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ არასაკმარისი სერვისია, რადგან რა სერვისებიც არის, ისინიც კი დაქსაქსულად და არაკოორდინირებულად მუშაობს“, – განაცხადა ჭყონიამ.

როგორც ჭყონიამ აღნიშნა, როდესაც პაციენტი სათანადო ზრუნვას ვერ იღებს, ეს აისახება მის ჯანმრთელობაზე, საბოლოო ჯამში კი, საზოგადოების მდგომარეობაზე და პირველ რიგში, ოჯახზე, რადგან ოჯახის წევრები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან.

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, არსებობს თუ არა საზოგადოებაში ფსიქიატრისთვის მიმართვასთან დაკავშირებით სტიგმა და რა პირველადი გამოვლინება აქვს ფსიქიკურ პრობლემებს. ეკა ჭყონიას თქმით, თუ ადამიანი შფოთავს, ვერ იძინებს, ვერ იკვებება ან გადამეტებულად იკვებება და ორგანიზმს ზიანს აყენებს, ეს იმის სიგნალი უნდა იყოს, რომ მას სპეციალისტის დახმარება სჭირდება.

„თუ პრობლემას ჩემით ვუმკლავდები ან ოჯახის წევრების დახმარებით და ასეთი ფუნქციური ოჯახი მყავს, ხომ კარგი; მხარდამჭერ ქსელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისთანაც შემიძლია, მივიდე და ვუთხრა, რომ ასეთი პრობლემები მაქვს, თუ არადა, სპეციალისტს უნდა მივმართო და კონკრეტულ შემთხვევაში ის დაადგენს, რა ჩარევაა საჭირო“, – განაცხადა ეკა ჭყონიამ.

დატოვე კომენტარი