მერი მაღლაფერიძე - სერვისები გვაქვს შშმ პირებისთვის და ფსიქიკური აშლილობის მქონეთათვის, ვცდილობთ, ეს სერვისები მაქსიმალურად მოვარგოთ მათ საჭიროებებს
მერი მაღლაფერიძე - სერვისები გვაქვს შშმ პირებისთვის და ფსიქიკური აშლილობის მქონეთათვის, ვცდილობთ, ეს სერვისები მაქსიმალურად მოვარგოთ მათ საჭიროებებს

ჩვენ ვფარავთ არა ჯანდაცვის, არამედ ზრუნვის კომპონენტს და გვაქვს სხვადასხვა ტიპის სერვისები, – ამის შესახებ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სერვისები გვაქვს მათ შორის შშმ პირებისთვის და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის. ეს არის გრძელვადიანი ზრუნვის სერვისები, რომელსაც ვაწვდით იმ ადამიანებს, ვისაც სამწუხაროდ, სხვა წასასვლელი არ აღმოაჩნდა ან ვისზეც ოჯახმა უარი განაცხადა. ეს იწყება ბავშვობიდან და ვცდილობთ, ეს სერვისები მაქსიმალურად მოვარგოთ მათ საჭიროებებს. სწორედ ამ კომპონენტში ჩანს სტიგმა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

როგორც მერი მაღლაფერიძემ აღნიშნა, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში, რომელიც სააგენტოს აქვს, თავს იჩენს ხოლმე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.

„უფრო ხშირად, თავს იჩენს ხოლმე ადიქცია და ალკოჰოლდამოკიდებულება მოძალადეების მხრიდან. ამას აბრალებენ ძალადობას და არა პირიქით. იმიტომ, რომ ადამიანი ალკოჰოლდამოკიდებულია, არ ხდება მოძალადე. ის თუ მოძალადეა, ალკოჰოლდამოკიდებულება მის ძალადობრივ ქმედებას ძალიან ამწვავებს. როგორც წესი, ჩვენს პრაქტიკაში ასეა ხოლმე. უბრალოდ, მერე ცდილობენ, ეს ძალადობა გაამართლონ ალკოჰოლის მოხმარებით, მაგრამ სიღრმეში რომ ჩავდივართ, მოხმარების პერიოდში სისასტიკე გაცილებით ძლიერია, ვიდრე ფხიზელ მდგომარეობაში“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, თავშესაფარში ხშირია ფსიქოლოგის აქტიური მუშაობა სტიგმების დაძლევასთან დაკავშირებით.

„თავშესაფარში ხშირია ფსიქოლოგის აქტიური მუშაობა სტიგმების დაძლევასთან დაკავშირებით, იმ პრობლემის სწორად გაცნობიერებისთვის, რითაც ადამიანი ჩვენამდე მოვიდა. ეს ერთი ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია რეაბილიტაციის პროცესისთვის“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

მერი მაღლაფერიძემ ასევე განაცხადა, რომ სააგენტომ გაერო-ს ბავშვთა ფონდის და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის აქტიური მხარდაჭერით ძალიან მნიშვნელოვანი სერვისის განვითარება დაიწყო.

„ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზი ჩვენს ორგანიზაციაში დიდი ხანია, ფუნქციონირებდა და „კოვიდის“ პერიოდში, როცა ადამიანები სახლებში ჩაიკეტნენ, ცხელმა ხაზმა საკმაოდ დიდი დატვირთვა მიიღო. თუმცა, ასევე შევქმენით ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი – 111, რომელზეც მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეეძლოთ დარეკვა. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიქმნა და შევეცადეთ, ოჯახებს დავხმარებოდით. ამ ცხელ ხაზზე ერთ-ერთ წამყვან პრობლემად წამოვიდა სწორედ ახალგაზრდებში და ბავშვებში ადიქციის საკითხი, ე.წ. გემბლინგი და გეიმინგი, ანუ კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება, რასთან დაკავშირებითაც უფრო ხშირად მშობლები რეკავდნენ ხოლმე. სწორედ ამიტომ, გავაფართოვეთ 111-ის ფუნქცია და მას ფსიქოლოგიური მომსახურების ფუნქციაც აქვს. ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდება შეგვიძლია როგორც ტელეფონით, ასევე ადგილზე“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

დატოვე კომენტარი