ლაშა ხუციშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა
ლაშა ხუციშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ სლოვაკეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ქვეყნის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დენისა საკოვა, ფინანსთა მინისტრი ლადისლავ კამენიცკი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პიტერ კაჟიმირი, „ექსიმ ბანკის“ გენერალური დირექტორი რასტისცლავ პოდჰორეცი, სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მატუშ ბუშოვსკი.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით ურთიერთობის მიმდინარე საკითხები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ლაშა ხუციშვილმა სლოვაკეთის დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხდა სლოვაკეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. მან დელეგაციის წევრებს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები.

თავის მხრივ, სტუმრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პარტნიორობის დიდ პოტენციალს და გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ ძალისხმევა ამ ურთიერთობების გასაძლიერებლად.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.