ლაშა ჟვანია - ვერ დაგიდასტურებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკომპლექტებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს
ინაუგურაციის დღისთვის სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობა ეცოდინება, რადგან პრეზიდენტის ფუნქციის შესრულებას ინაუგურაციის დღიდან დაიწყებს, რისთვისაც საჭიროა თანამშრომლები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განუცხადა, რომელიც სავარაუდოდ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იქნება.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობა ახალი კონსტიტუციის შესაბამისად უნდა დაკომპლექტდეს და მოხდეს რეორგანიზაცია, რასაც მსჯელობა სჭირდება.
„არჩეული პრეზიდენტი უფლებამოსილი არ არის, ადმინისტრაციის დაკომპლექტებაზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. სამართლებრივად ამის უფლება მხოლოდ ინაუგურაციის შემდეგ ექნება. ინაუგურაციის დღეს ასევე ამოქმედდება ახალი კონსტიტუცია.
შესაბამისად, ახალი კონსტიტუცია და ახალი პრეზიდენტი ადმინისტრაციის სხვანაირად დაკომპლექტებასა და რეორგანიზაციას მოითხოვს. ამის შესაბამისად მოხდება ფიქრი და განსჯა, როგორ იქნება ფორმირებული პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მხოლოდ ამის მიხედვით შეირჩევა შემდგომში კადრები“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
ამასთან, როგორც პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ინფორმაცია არ აქვს, მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკომპლექტებაზე.
„ალბათ, სალომე ზურაბიშვილი კონსულტაციებს გაივლის ბევრ ადამიანთან. ვერ დაგიდასტურებთ, რომ რაიმე ფორმით კონსულტაციები მიმდინარეობს. ვერ დაგიდასტურებთ, რომ არჩეულ პრეზიდენტს კონკრეტულ ადამიანებზე უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.