ლაშა ჟვანია - რუსეთის ოკუპანტად გამოცხადებასა და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაზე გრიგოლ ვაშაძე ყოველთვის ამბობდა, რომ ეს იყო შედარებით არასწორი ნაბიჯი
ლაშა ჟვანია - რუსეთის ოკუპანტად გამოცხადებასა და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაზე გრიგოლ ვაშაძე ყოველთვის ამბობდა, რომ ეს იყო შედარებით არასწორი ნაბიჯი

კარგად ვიცნობ გრიგოლ ვაშაძეს და კარგად ვიცი მისი ორიენტირი, გრიგოლ ვაშაძე არ არის არაფერი, – ამის შესახებ პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ლაშა ჟვანიამ განაცხადა, პირველ რიგში გრიგოლ ვაშაძე არ არის რუსული მატრიოშკა, გრიგოლ ვაშაძე უფრო არის ტროას ცხენი.

„კარგად ვიცნობ გრიგოლ ვაშაძეს და კარგად ვიცი მისი ორიენტირი. ვიცი მისი მენტალიტეტი. პირველ რიგში გრიგოლ ვაშაძე არ არის რუსული მატრიოშკა, გრიგოლ ვაშაძე უფრო ჩემთვის არის ტროას ცხენი. გრიგოლ ვაშაძე არ არის არაფერი. საგარეო საქმეთა მინისტრად გრიგოლ ვაშაძემ პირველ რიგში რა გადაწყვეტილებაც მიიღო, განცხადება გააკეთა, რომ მან, ვითომ თავისი გადაწყვეტილებით, გაათავისუფლა თანამდებობიდან ყველაზე პროდასავლური და პროამერიკული ელჩი ირაკლი ალასანია. ეს არის გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილება.  ალასანიას გაერო-ს ელჩობიდან წასვლაზე დაწერილი ჰქონდა განცხადება, მაგრამ გრიგოლ ვაშაძე მოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრად სწორედ იმ მოტივით, თითქოს მინისტრი გამოიცვალა. მაშინ სააკაშვილმა ვერ აიტანა ალასანიას მიერ განცხადების დაწერა, ვერ აიტანა ალასანიას წასვლა და მისი პროტესტი ხელისუფლების მიმართ. გათავისუფლდა ეკა ტყეშელაშვილი, რომელიც მაშინ იყო საერთაშორისო კონფერენციაზე საფრანგეთში. ეკა ტყეშელაშვილმა კონფერენციაზე ყოფნის დროს გაიგო, რომ გათავისუფლებულია და დაინიშნა გრიგოლ ვაშაძე. მისი პირველი ომახიანი განცხადება იყო,  ვითომ ირაკლი ალასანიას გათავისუფლება”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისივე თქმით, რუსეთის ოკუპანტად გამოცხადებისა და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძის პოზიცია იყო აბსოლუტურად სხვა. „გრიგოლ ვაშაძე ყოველთვის ამბობდა, რომ ეს იყო შედარებით არასწორი ნაბიჯი”.

„იმ პერიოდში ვიყავი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. მე არ გახლდით ადამიანი, რომელიც სხვისგან იგებდა რაიმე ამბებს. მაშინ მე განვაცხადე, რომ არასწორი იყო გრიგოლ ვაშაძის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა,  სწორედ მაშინ ვიყავი იძულებული, დამეტოვებინა პარლამენტი და მივიღე ეკონომიკის მინისტრის პოსტი”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.