ლაშა დარსალია - სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განხილული უნდა იყოს კონკრეტული თანამშრომლობის გეგმები და ნაბიჯები, რომლებიც მეტად დააახლოებს საქართველოს საბოლოო მიზანს
ლაშა დარსალია - სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განხილული უნდა იყოს კონკრეტული თანამშრომლობის გეგმები და ნაბიჯები, რომლებიც მეტად დააახლოებს საქართველოს საბოლოო მიზანს

მიმოვიხილეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, მოლაპარაკების პროცესები, სხვადასხვა ფორმატი, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რა სახის როლი იქნება პარტნიორების მხრიდან, რომ მეტად გაძლიერდეს საქართველოს პოზიციები ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა შეხვედრაზე პარტნიორებს აქვთ მკაფიო გზავნილები, რომლებიც ეხება საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს არჩევანს, გახდეს ნატო-ს წევრი.

„მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაციამ მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია სხვადასხვა ფორმატში, განსაკუთრებით გასული წლის ბოლოს გაჟღერებულ ორ წერილში, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული სუვერენიტეტის პრინციპის წინააღმდეგ, კონკრეტულად საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ. პირდაპირ იყო მიმართული საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომლებსაც როგორც საჯარო, ისე დახურული შეხვედრების დროს ჩვენი პარტნიორები ავრცელებენ, რომ მკაფიო წითელი ხაზებია, რომლებიც ეხება საქართველოს სუვერენიტეტას და ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს არჩევანს, გახდეს ნატო-ს წევრი და რომ არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება საქართველოს, არ იქნება საქართველოსგან დამოუკიდებლად. ეს არის მთავარი ხაზი. ყველა შეხვედრაზე ისმის კონკრეტული მსჯელობები, რა ნაბიჯები უნდა გადადგან საქართველომ და პარტნიორებმა არსებულ ვითარებაში. მიმოვიხილეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, მოლაპარაკების პროცესები, სხვადასხვა ფორმატი, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომლებიც მიმდინარეობს, რა სახის, როგორი როლი იქნება პარტნიორების მხრიდან, რათა მეტად გაძლიერდეს საქართველოს პოზიციები ამ მიმართულებით“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მან დავით ზალკალიანსა და იენს სტოლტენბერგს შორის დაგეგმილი შეხვედრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განხილული უნდა იყოს კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც მეტად დააახლოებს საქართველოს საბოლოო მიზანთან – გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის წევრი.

„ნატო-ს გენერალურ მდივანთან გასამართი შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გარდა ზოგადი მხარდაჭერისა და გზავნილებისა, რომლებიც საჯარო სივრცეში ცხადდება, კონკრეტული ნაბიჯები და კონკრეტული თანამშრომლობის გეგმები უნდა იქნას განხილული, ასევე ის ნაბიჯები, რომლებმაც მეტად უნდა დააახლოოს საქართველო თავის საბოლოო მიზანს, გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის წევრი“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.