ლაშა დარსალია - საოკუპაციო რეჟიმები და რუსეთი აგრძელებენ ლუგარის ლაბორატორიაზე პროპაგანდისტულ შეტევას, მათი მიზანია ამ ცენტრის დისკრედიტაცია
სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმები და რუსეთის ფედერაცია აგრძელებენ პროპაგანდისტული ნაბიჯების გადადგმას და პროპაგანდისტულ შეტევას ლუგარის ლაბორატორიაზე. ამ ნაბიჯების ერთადერთი მიზანია ამ ლაბორატორიის დისკრედიტაცია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ბრალდებები იმდენად აბსურდულია, რომ მასზე სერიოზული პასუხი არაადეკვატურიც იქნებოდა.
„რუსეთის ფედერაცია დიდი ხანია, ცდილობს ერთი მხრივ ამ ლაბორატორიის და მეორე მხრივ, იმ საერთაშორისო კონვენციების დისკრედიტაციას, რაღაც სახით რევიზიას, რომელიც მას მისცემს შესაძლებლობას, უფრო მეტი გავლენა ჰქონდეს ასეთი ლაბორატორიების მუშაობაზე. საქართველოს არაფერი არ აქვს სინამდვილეში დასამალი და დგამს კიდეც კონვენციით გათვალისწინებულ ნაბიჯებს. კონვენცია ითვალისწინებს ნაბიჯებს, რომლის ფარგლებშიც ღიაობა უზრუნველყოფილია ასეთი ტიპის ლაბორატორიებში. მაგალითად 2018 წელს, როცა ასევე მძლავრი იყო შეტევები ლუგარის ლაბორატორიაზე, საქართველომ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმები აამუშავა, როდესაც მოხდა საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა საქართველოში და შესაბამისად, იგივე საჯაროობის ამოცანებიდან გამომდინარე მოხდა ლუგარის ლაბორატორიის სპეციფიკისა და დეტალების გაცნობა ამ საერთაშორისო ექსპერტებისთვის. საქართველო ყოველთვის მზადაა, საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული მექანიზმები გამოიყენოს. არ ვაპირებთ არც ამაზე მეტი ნაბიჯის გადადგმას და არც ნაკლების“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს მოქალაქე სოფლებში, არცევსა და ღრომში იმისთვის გადავიდა, რომ ღამურები დაეჭირა და თითოეული 5000 დოლარად გაეყიდა“.
დე ფაქტო ხელისუფლება ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ღამურების მიმართ ინტერესი 2012 წლიდან გაჩნდა, მას შემდეგ, რაც საქართველოში ლუგარის ცენტრი გაიხსნა“.