ლაშა დარსალია - რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა პოლიტიკური საკითხების მძევლად აქცია
ლაშა დარსალია - რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა პოლიტიკური საკითხების მძევლად აქცია

რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რომ იყოს არაკონტრუქციული და დესტრუქციული,- ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ჟენევის მოლაპარაკებების 44-ე რაუნდს პირველ არხთან საუბარში.

როგორც დარსალია ამბობს, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სუფთა ჰუმანიტარული საკითხები განხილული იყოს პოლიტიკურ ჭრილში.

„ტრადიციულად რუსეთის მხარე იქცევა დესტრუქციულად და უპასუხისმგებლოდ. რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სუფთა ჰუმანიტარული საკითხები განხილული იყოს პოლიტიკურ ჭრილში. ჩვენ ვიწყებთ საუბარს ჰუმანიტარულ საკითხებზე, კონკრეტულ ამოცანებზე და რუსეთი აკავშირებს მათ პოლიტიკურ საკითხებთან. მაგალითად, როგორიც არის აღიარების თემა, ეს იქნება დოკუმენტების აღიარება თუ მთავრობების აღიარება და ა.შ. სამწუხაროდ, მათ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა აქციეს პოლიტიკური საკითხების მძევლად. მათ ყოველთვის წაყრუების პოლიტიკა აქვთ ან მიდგომაა, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ და უნდა ელაპარაკოთ ოსეთისა და აფხაზეთის მთავრობას. ამ შემთხვევაში მათ ვციტირებ, ეს არის ის ძირითადი ხაზი, რომელსაც მიჰყვებიან. არ გვპასუხობენ პირდაპირ საკითხზე და ყველაფრის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას ცდილობენ, რომელიც რეალურად ჩიხია. რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რომ იყოს არაკონტრუქციული და დესტრუქციული“,- განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი 19 ივნისს დაიწყო და გუშინ დასრულდა. განხილვის მთავარი თემები საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტები, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვით და მოლაპარაკებები ძალის გამოუყენებლობაზე იყო. თუმცა მხარეები ვერც ერთ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.