ლაშა დარსალია - პარტნიორების მხრიდან რუსეთის დელეგაციაზე უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის რაც შეიძლება მალე გასათავისუფლებლად
ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, ლაშა დარსალიას განცხადებით, დღეს, უშუალოდ 50-ე რაუნდის წინ, დაგეგმილი საკოორდინაციო შეხვედრები თანათავმჯდომარეებთან კოორდინირებული პოზიციის შეჯერებას დაეთმობა, რათა რუსეთის ფედერაციის დელეგაციაზე ზეწოლა გაძლიერდეს და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.
„საკმაოდ მძიმე რაუნდი იქნება, ზოგადად იმ ვითარების გამოც, რაც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით. ეს მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება. პირველ რიგში, ყველაზე მწვავედ დავსვამთ ექიმი გაფრინდაშვილის საკითხს და იმ ფაქტს, რომ ის ამ დრომდე იმყოფება ცხინვალის იზოლატორში. დღეს გვაქვს კონსულტაციები ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, შემდეგ შევხვდებით თანათავმჯდომარეებს, რათა კოორდინირებული იყოს ჩვენი ზეწოლა რუსეთის დელეგაციაზე. ბოლო პერიოდში უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდება ჩვენი პარტნიორების მხრიდან რუსეთის დელეგაციაზე, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პრაქტიკა იყოს საბოლოოდ დავიწყებული. ჩვენი მთავრი ამოცანაა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მივაღწიოთ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის ჩვენი დიპლომატიისა და ჩვენი პარტნიორებთან მუშაობის მთავრი ამოცანა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ჟენევის მოლაპარაკებაზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების თემა განიხილება როგორც კიდევ ერთი დადასტურება იმისა, თუ როგორ მწვავედ არღვევს საოკუპაციო რეჟიმი ადამიანის უფლებებს და როგორ იყენებს მას პოლიტიკური ზეწოლისთვის.
„ეს არის სწორედ ის მაგალითი, რაც, როგორც ჩვენ პარტნიორებს, ასევე ყველას, აჩვენებს რომ რუსეთის ფედერაცია იყენებს ადამიანის უფლებათა საკითხებს პოლიტიკური თამაშებისთვის და ზეწოლისთვის, რაც 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელი და მიუღებელია, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი რეალობა გვაქვს. მთავარი ამოცანა, რასაც ვამბობდით, არის ის, რომ პოლიტიკური საკითხები, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საკითხები იყოს ერთმანეთისგან გამიჯნული და ასეთი მეთოდებით არ ხდებოდეს პოლიტიკური ზეწოლა ნებისმიერ ქვეყანაზე. ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, ის რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მთელი ცივილიზებული სამყაროს პრობლემაა. ალბათ სიმბოლური და ნიშანდობლივია, რომ დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო ადამიანის უფლებათა დღეს აღნიშნავს, სამწუხაროდ, ამას თავისებურად „აღნიშნავს“ რუსეთის ფედერაცია და მისია საოკუპაციო რეჟიმი“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.