ლაშა დარსალია - მივესალმებით გაერო-ს უშიშროების საბჭოზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის განხილვას, მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში აქვს ქვეყანას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების მიერ საქართველოს მიმართ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებას გამოეხმაურა.
„მივესალმებით გაერო-ს უშიშროების საბჭოზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის განხილვას. ამ მხრივ, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ მალტის თავმჯდომარეობას, როგორც უშიშროების საბჭოს მიმდინარე თავმჯდომარეს“, – აღნიშნა დარსალიამ.
მისივე თქმით, ამ პროცესს წინ უძღოდა დიდი მუშაობა, რომელიც ჩატარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პარტნიორებთან. გარდა ამისა, მინისტრის პირველმა მოადგილემ განმარტა, რომ ეს არ არის ერთეული სხდომები ან ერთეული განცხადებები. დარსალიას განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში ასეთ ფორმატში შეხვედრები მუდმივად ტარდება.
ამასთან, ლაშა დარსალიამ ისაუბრა, ზოგადად, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
„მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც ყველა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში აქვს საქართველოს, იქნება ეს ევროსაბჭო, ეუთო თუ ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც მიიღება მთელი რიგი რეზოლუციები, განცხადებები. მინდა, ხაზი გავუსვა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მზარდ მხარდაჭერას საქართველოს რეზოლუციების მიმართ. მაგალითად, გენერალურ ასამბლეაზე წელს საქართველოს რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ასეთი რეზოლუციები აქვს საქართველოს ადამიანის უფლებათა საბჭოში, ასევე ყველა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. აქვე დავამატებდი საერთაშორისო სასამართლოების ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს. საერთაშორისო სამართლის მიერ, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოების მიერ ცალსახად განსაზღვრულია რუსეთის ფედერაცია, როგორც ოკუპაციაზე პასუხისმგებელი ქვეყანა“, – განაცხადა დარსალიამ.