ლაშა დარსალია - ამოცანა, რომ საქართველოს საკითხი სათანადოდ ყოფილიყო წამოჭრილი რუსეთისა და დასავლეთის მოლაპარაკებებში, მეტწილად მიღწეულია და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება
ამოცანა, რომ საქართველოს საკითხი სათანადოდ ყოფილიყო წამოჭრილი რუსეთისა და დასავლეთის მოლაპარაკებებში, მეტწილად მიღწეულია და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის შემდეგ განაცხადა.
„რუსეთის ფედერაციამ დეკემბრის ბოლოს ორი დოკუმენტი გაავრცელა. ერთი იყო მათი ხედვა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის შესახებ უსაფრთხოების საკითხებზე, ხოლო მეორე ნატო-რუსეთის უსაფრთხოების საკითხებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ კომიტეტების წევრებს ინფორმაცია გავაცანით, თუ რა პოზიციონირება ჰქონდა და აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე რა ხედვები აქვს – რა არის მოკლე და გრძელვადიანი ამოცანები მთლიანად გეოპოლიტიკურ ვითარებასთან მიმართებით, რომელშიც დღეს ვიმყოფებით“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ გავრცელებულ დოკუმენტთან მიმართებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია ხაზგასასმელი.
„პრაქტიკულად, რუსეთი ამით საერთაშორისო საზოგადოებიდან ითხოვდა, აღიარებული ყოფილიყო ევროპის დაყოფა უსაფრთხოების ზონებად, კერძო ექსკლუზიური გავლენის სფეროებად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რასაც აყენებდა, არის ის, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები და მათ შორის, საქართველო არ უნდა გახდნენ ნატო-ს წევრები და ამაზე ვალდებულება უნდა აიღოს დასავლეთმა, რაც ცალსახად არის წინააღმდეგობაში საერთაშორისო სამართალთან, სუვერენიტეტის პრინციპთან და არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
მისი თქმით, ქართულ მხარეს აღნიშნულ საკითხებზე დასავლელ პარტნიორებთან პირველივე დღეებიდან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა.
„საქართველო აქტიურ კომუნიკაციაში იყო ჩართული როგორც აშშ-თან, ასევე ნატო-ს 30 წევრ ქვეყანასთან. საქართველოს საელჩოები აქტიურად მუშაობდნენ პარტნიორებთან, რათა საქართველოს საკითხები სათანადოდ ყოფილიყო ხაზგასმული და წამოწეული. ამის გამოხმაურება და შედეგია სწორედ ის აქტიური ჩართულობა, რომელიც განხორციელდა საქართველოსა და პარტნიორებს შორის რამდენიმე დონეზე და რამდენიმე სახის, რომელიც გრძელდება ამ დღეებშიც. მაგალითად, დავით ზალკალიანს ჰქონდა ედიშე მადთან საუბარი, იყო სხვადასხვა დონის ჩართულობა და ეს აისახა იმ საჯარო გზავნილებშიც, რაც განხორციელდა ნატო-ს გენერალური მდივნის მხრიდან თუ პარტნიორების მხრიდან, მკაფიოდ გაივლო წითელი ხაზები, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება რევიზიას, საქართველოსა და სხვა ქვეყნების, მათ შორის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები არ არის მსჯელობისა და ვაჭრობის საკითხი“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.
მისი თქმით, ამოცანა, რომ საქართველოს საკითხი სათანადოდ ყოფილიყო წამოჭრილი, მეტწილად მიღწეულია და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.
„საქართველოს მთავარი ინსტრუმენტი, რაც თავის არსენალში გააჩნია, ცალსახად არის პარტნიორების მკაფიო მხარდაჭერა. არა მხოლოდ საჯარო გზავნილები, არამედ ის, რაც ხდება არასაჯარო სივრცეში, ის მუშაობა, რაც მიმდინარეობს პარტნიორებთან. ეს არის ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელმაც პრევენციული როლი უნდა ითამაშოს იმ საფრთხეების წინაშე, რომლის წინაშეც საქართველო დგას“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.