ლაშა დარსალია აცხადებს, რომ საოკუპაციო ხაზთან სოფელ ქვემო ჭალას მკვიდრის დაკავება მორიგი პროვოკაციაა, რომელზე პასუხისმგებლობაც რუსეთს და საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ
ლაშა დარსალია აცხადებს, რომ საოკუპაციო ხაზთან სოფელ ქვემო ჭალას მკვიდრის დაკავება მორიგი პროვოკაციაა, რომელზე პასუხისმგებლობაც რუსეთს და საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სხვილოს ციხესთან რუსის ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტს მორიგ პროვოკაციად აფასებს, რომელზე პასუხისმგებლობაც რუსეთის ფედერაციას და საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის მორიგი პროვოკაცია. ცალსახად მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას და მის საოკუპაციო ძალებს ადგილზე. ეს არის პროვოკაცია, რომელიც მიმართულია იქეთკენ, რომ კიდევ უფრო დაიძაბოს ვითარება ადგილზე.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ხშირად არის უკვე სხვადასხვა სახის პროვოკაცია, იქნება ეს ე.წ. უკანონო ბორდერიზაცია თუ სხვადასხვა სახის პროვოკაცია ადგილზე. მათ შორის ეს ბოლო ინციდენტიც, რომელიც არის საკმაოდ მძიმე ინციდენტი და კიდევ ერთი, მორიგი პროვოკაცია, ცალსახად არის უხეში დარღვევა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების.

ჩვენ უკვე ხაზზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, რათა მოჰყვეს უმკაცრესი რეაგირება ამ ფაქტს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ჩვენი მოქალაქის დაბრუნება საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. რაც შეეხება უშუალოდ რეაგირებას, შესაბამისი სამსახურები, შესაბამის რეაგირებას ახდენენ“, – აცხადებს ლაშა დარსალია.

საოკუპაციო ხაზთან, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. იგი სოფელ ქვემო ჭალას მცხოვრებია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ დაკავებული მამაკაცი ფეხშია დაჭრილი.