„ლაპის ლაზულის“ მარშრუტით საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო მოძრაობა დაიწყება
„ლაპის ლაზულის“ მარშრუტით საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო მოძრაობა დაიწყება

ლაპის ლაზულის მარშრუტით, რომელიც ავღანეთიდან ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის გავლით ევროპაში სატრანზიტო მოძრაობას ითვალისწინებს, უახლოეს პერიოდში სატესტო სატრანზიტო გადაზიდვა განხორციელდება. პირველი საპილოტე გადაზიდვა საავტომობილო ტრანსპორტის საშუალებითაა დაგეგმილი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ტრანზიტთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილეს ავღანეთის ქალაქ ჰერათში სატრანზიტო-სატრანსპორტო დერეფნის „ლაპის ლაზულის“ ექსპერტთა ჯგუფის მეორე შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ავღანეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და თურქმენეთის წარმომადგენლები. შეხვედრა 6 -7 დეკემბერს გაიმართა.

შეხვედრაზე „ლაპის ლაზულის“ მარშრუტის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა განიხილეს აღნიშნული მარშრუტის ფარგლებში სარკინიგზო გადაზიდვების განვითარების საკითხები.

„აღსანიშნავია, რომ „ლაპის ლაზულის“ მარშრუტის განვითარებას ითვალისწინებს შეთანხმება სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც 2017 წლის 15 ნოემბერს ქ. აშხაბადში (თურქმენეთი) მოეწერა ხელი ავღანეთის თაობაზე რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის კონფერენციის (RECCA-VII) ფარგლებში. შეთანხმება ქმნის ხუთ ქვეყანას შორის (ავღანეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი) თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძველს. იგი წარმოადგენს ჩარჩო შეთანხმებას, რომლის დებულებები არეგულირებს სატრანზიტო მიმოსვლას, რომელიც იწყება ან სრულდება ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და ტვირთისა და მგზავრების გადაადგილებას ხელშემკვრელი მხარეების შესაბამის დერეფნებს შორის.

კერძოდ, შეთანხმება ხელს უწყობს ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიებზე დაუბრკოლებელ გადაადგილებას, სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული აუცილებელი ადმინისტრაციული საკითხებისა და პროცედურების გამარტივებას, უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთისა და მგზავრების უსაფრთხოებას.

შეთანხმების თანახმად, გადაზიდვები განხორციელდება ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ განსაზღვრულ საავტომობილო, სარკინიგზო და შიდა სამდინარო სატრანზიტო მარშრუტებზე“, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

მათივე ცნობით, შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას და დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას.