ლანჩხუთში, ევგრაფ შევარდნაძის სახელობის სტადიონის ტერიტორიაზე ფეხბურთის დიდი ქომაგისა და მეცენატის ევგრაფ შევარდნაძის ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტის ავტორია გიორგი ორაგველიძე.
„გურიას“ ვეტერანმა ფეხბურთელებმა გაიხსენეს ევგრაფ შევარდნაძის ღვაწლი „გურიას“ გამარჯვებაში, რომელიც 1986 წლით თარიღდება, როდესაც ლანჩხუთის „გურია“ საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში გადავიდა. მას უკავშირდება საფეხბურთო კლუბის არაერთი სხვა წარმატება.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სასიკეთო საქმის გაკეთებას ხელი შეუწყო. მადლობას ვუხდი სტადიონის დირექტორ ლევან იმნაძეს, ვისი ინიციატივაც იყო ბიუსტის გახსნა და ადგილობრივ ხელისუფლებას, ამ იდეის განხორციელებისათვის“, – განაცხადა სოფიკო შევარდნაძემ.
საზეიმო გახნას ესწრებოდნენ ვეტერანი ფეხბურთელები: ნოშრევან ნარიაშვილი, თემურ ჩხაიძე, გია თავაძე, ჯემსუატ ურუშაძე, „გურიას“ გულშემატკივრები, ჟურნალისტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
საფეხბურთო კლუბ „გურიას“ წინამორბედი „კიმი“ 1924 წელს თბილისის „დინამოს“ მაშინდელმა მწვრთნელმა ანდრო ჟორდანიამ ჩამოაყალიბა, „გურია“ კი 1960 წლიდან ეწოდა და დაბალ ლიგებში გამოდიოდა, სანამ მისი დახმარება ევგრაფ შევარდნაძემ არ გადაწყვიტა.