ირაკლი ქარსელაძე - სიმბოლურია, რომ 21-წლამდელ ფეხბურთელთა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე უკვე უეფა-ს სტანდარტებით განახლებულ სტადიონებზე მიიღებს მონაწილეობას
ირაკლი ქარსელაძე - სიმბოლურია, რომ 21-წლამდელ ფეხბურთელთა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე უკვე უეფა-ს სტანდარტებით განახლებულ სტადიონებზე მიიღებს მონაწილეობას

განსხვავებული ემოცია და დიდი პატივია, რომ შევქმენით ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქუთაისის ღირსეული ტრადიციების გაგრძელების და ახალ წარმატებაში გადაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს. სიმბოლურია, რომ 21-წლამდელ ფეხბურთელთა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე უკვე უეფას სტანდარტებით განახლებულ სტადიონებზე მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის განახლებული სტადიონის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

საქართველოში უეფა-ს 21-წლამდელ ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩასატარებლად, უეფა-ს სტანდარტის შესაბამისად, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს. მათ შორის, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა თბილისის მიხეილ მესხის სახელობის და ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონებს, გამოიცვალა ბალახის საფარი და ტექნიკური აღჭურვილობა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე და სამი საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონზე თბილისში, აშენდა ახალი საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონები წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში. მინისტრის თქმით, ყველა სტადიონი აღჭურვილია უეფა-ს სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავი და სადრენაჟე სისტემით, რომლის პროექტირებაზე, მოწყობასა და ზედამხედველობაზე ბრიტანულმა კომპანიებმა Labosport-მა და SIS Pitches-მა იმუშავეს.

„უეფა-ს ჩართულობითა და მონიტორინგით, უმოკლეს ვადებში დასრულდა სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ყველა ობიექტზე. ფაქტობრივად, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიხეილ მესხისა და რამაზ შენგელიას სტადიონებს. მნიშვნელოვნად განახლდა დინამო არენაც, სადაც მოეწყო ახალი ბალახის საფარი, განათება, გახმოვანება, დამონტაჟდა ახალი ტაბლო და დღეს ამ ინფრასტრუქტურას უკვე აბსოლუტურად სხვა შესაძლებლობები გააჩნია. რეაბილიტაციებთან ერთად, ასევე, ოთხი ახალი ტექნიკური საწვრთნელი კომპლექსი აშენდა ქობულეთში, წყალტუბოსა და ბათუმში,“- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რასაც, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, 115 მილიონი ლარი მოხმარდა.

ჩატარებული სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ბალახის ახალი საფარი მოეწყო 11 მოედანზე, დამონტაჟდა ექვსი სტადიონის განათების სისტემა, გახმოვანების ახალი სისტემები და ახალი სკამები, ლედ სარეკლამო კედლები და სხვა. უეფა-ს 21-წლამდელ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.