ირაკლი ღარიბაშვილი - ვემზადებით, ღირსეულად ვუმასპინძლოთ 21-წლამდელ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში, სრულად განვაახლეთ ათი ობიექტი
ირაკლი ღარიბაშვილი - ვემზადებით, ღირსეულად ვუმასპინძლოთ 21-წლამდელ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში, სრულად განვაახლეთ ათი ობიექტი

თქვენ ნახეთ, რომ სრულად განვაახლეთ 10 ობიექტი და თქვენ ახლა უყურებთ ქუთაისის განახლებულ სტადიონს. ეს შენობა პრაქტიკულად ნულიდან ავაშენეთ, ის ძველი შენობა, რაც იყო, დავანგრიეთ და ახალი აშენდა, 35 მლნ ლარი დაიხარჯა, რათა ქუთაისს ჰქონდეს ასეთი, უეფა-ს უმაღლესი სტანდარტის, ანუ მეოთხე კატეგორიის შესაბამისი სტადიონი, შესაბამისი საფარით და ა.შ. აღარ გავაგრძელებ, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მოწყობილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ემზადება, რომ ღირსეულად უმასპინძლოს უეფა-ს 21-წლამდელ ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს.

„ჩვენ ვემზადებით, რომ ვუმასპინძლოთ ღირსეულად 21-წლამდელ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა, როგორც მასპინძელი ქვეყანა, მიიღებს მონაწილეობას, პირველი თამაში გაიმართება თბილისში, დინამოს სტადიონზე და პირველი თამაში იქნება საქართველოსა და პორტუგალიას შორის.

ძალიან მიხარია. დღეს, დილით ასევე დავათვალიერე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიც, 32 მილიონი ლარი დაიხარჯა და იქაც სრულად განახლდა ყველაფერი, თანამედროვედ მოეწყო და ასევე ბათუმში ორი სტადიონი ავაშენეთ, ქობულეთში ერთი, წყალტუბოში და ა.შ. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს სასახელო ფეხბურთელებს, ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, ამ ქალაქს, ქუთაისს, ყველას ვულოცავ ამ მნიშვნელოვან, ახალ სტადიონს,“ – განაცხადა პრემიერმა.