ლანჩხუთში რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ მერობის კანდიდატად ლია მუხაშავრია დაასახელა
ლანჩხუთში რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ მერობის კანდიდატად ლია მუხაშავრია დაასახელა.
დღევანდელ პრეზენტაციაზე ასევე დასახელდა გაერთიანებული ოპოზიციიდან ერთი კანდიდატი, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები.
მერობის კანდიდატმა, ლია მუხაშავრიამ მთავარ პრიორიტეტად ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სოციალურად დაუცველ პირებზე ზრუნვა, სოფლის მეურნეობის აღორძინება და ინვესტორების მოძიება დაასახელა.
„ძალიან ბევრი პრობლემა არის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უპირველესია, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. ამისთვის უნდა მოხდეს მთელი ქონების ინვენტარიზაცია, რომელიც ჯერ კიდევ არის ამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თითოეულ სოფელში და ეს ქონება გამოცხადდეს საპრივატიზაციოდ იმ ადამიანებისთვის, იმ ინვესტორებისთვის, ვინც გახსნის საწარმოს და გადაეცეს სიმბოლურ ფასად, რათა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. შემდგომი უმთავრესი საკითხია სოციალური პრობლემები და სოციალური პაკეტი, რომელიც ამ რაიონში ძალიან ბევრ ადამიანს სასიცოცხლოდ ესაჭიროება. მე, როგორც მერი, გავაკეთებ დღის ცენტრს შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისთვის, სადაც მოხდება მათთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარების მიწოდება. მესამე გახლავთ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა“, – განაცხადა ლანჩხუთში ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, ლია მუხაშავრიამ.