უხვმა ნალექმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
უხვმა ნალექმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. რამდენიმე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვეტილია; დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები; ჩამოშლილია მიწის მასები და შეინიშნება მეწყრული პროცესები.

ამასთან, შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან ხიდის ნაწილი ჩაინგრა. გზა საპატრულო პოლიციას ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული და საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. ავტომობილებს გადაადგილება შემოვლითი გზით უწევთ. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მობილიზებულია მერიის ყველა სამსახური.

„მდინარე სუფსამ დატოვა კალაპოტი. რამდენიმე ადგილზე გვაქვს მეწყერი. 8 სექტემბერს სტიქიის შედეგად დაზიანებული და შემდეგ დროებით აღდგენილი ხორეთი-ჩოჩხათის დამაკავშირებელი ხიდი წაღებულია. ხორეთის 150-მდე მოსახლე მოწყვეტილია გარე სამყაროს. ქვედა მამათში, სადაც დროებით აღვადგინეთ და გავაკეთეთ შემოვლითი გზა, ამ ეტაპზე წაღებულია. აქაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გვყავს გარე სამყაროს მოწყვეტილი. მუნიციპალიტეტში ყველა შესაბამისი სამსახური ჩართულია. მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება და გამოდარებისთანავე დაიწყება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება“, – განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.