ლანჩხუთში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელობურთი მიმდინარეობს.
ლელობურთი სოფელ შუხუთის ცენტრში ჩატარდა, სადაც ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთლები ეჯიბრებიან.
„თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის“ ისტორიულ ბრძოლას უკავშირებენ, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი და რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1854 წელს გაიმართა. მახარებს, რომ გურიის ერთ-ერთმა სოფელმა შეინარჩუნა საუკუნოვანი ტრადიცია“, – განაცხადა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა, ლადო აფხაზავამ.
ბოლო წლებში ტრადიციად იქცა, გამარჯვებულ მხარის მიერ ბურთის წაღება სოფელ შუხუთში გარდაცვლილის საფლავზე და ამით მიცვალებულისთვის პატივის მიგება.
წელს ბურთის წონამ 16 კილოგრამს გადააჭარბა.
ამასთან, მიმდინარე წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც მიენიჭა.