ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, საჭირო სამუშაოების განსახორციელებლად დღეს დამატებითი ტექნიკა ბათუმიდან ჩავიდა.
მისი თქმით, ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან სულ 200-მდე ადამიანია გაყვანილი.
„ყველა სოფელში, სადაც საჭიროა, ტექნიკა მობილიზებულია. დღეს კიდევ დამატებითი ტექნიკა მივიღეთ ბათუმიდან. გაშვებულია ტრაქტორები, რათა მაქსიმალურად მოხდეს გზების გაწმენდა. მუნიციპალიტეტიდან ადმინისტრაციულ ერთეულამდე დამაკავშირებელი ყველა ცენტრალური გზა უკვე გაწმენდილია. ახლა მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები.
გუშინ, დღის განმავლობაში, კიდევ რამდენიმე მოქალაქე იქნა გაყვანილი საფრთხის შემცველი ზონიდან. წუხელ რამდენიმემ ისურვა გასვლა, რადგან მთელი დღის განმავლობაში დავდივართ და ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ გავიდნენ. ძალიან ბევრი იკავებს თავს, მაგრამ ღამით დაახლოებით კიდევ 10 ადამიანი გავიყვანეთ. ამ ეტაპზე ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 200 ადამიანია ასე გასული. ზოგი ჩვენ გავიყვანეთ, ზოგიც თავისი სურვილით ახლობელთან გადავიდა. ყველაზე დიდი გაყვანა მოხდა სოფელ ხორეთიდან და სოფელ წიაღოვნიდან. სამაშველო სამსახურის ბრიგადები ფაქტობრივად მთელი ქვეყნიდან ჩვენთან არის მობილიზებული, რათა 24 საათის განმავლობაში დაეხმარონ მოქალაქეებს, გაიყვანონ უსაფრთხო ადგილას და შემდეგ ტექნიკით შესაბამისი დახმარება გაგვიწიონ,“- განაცხადა ლანჩხუთის მერმა.
მისივე განცხადებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მას შემდეგ დაიწყება, რაც აღდგება ყველა სახის კომუნიკაცია.
„სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლაზე ჯერ საუბარი ადრეა. პირველ რიგში ვმუშაობთ იმისთვის, რომ აღდგეს ყველა სახის კომუნიკაცია. ზარალის დათვლას და აღდგენით სამუშაოებს აუცილებლად შემდეგ დავიწყებთ“, – განაცხადა ალექანდრე სარიშვილმა.