ლალი მოროშკინა - არაქართული გვარის გამო გაბრძოლება რამდენჯერმე მომიწია, მაგრამ ძირითადად, საზოგადოება ტოლერანტულია
არაქართული გვარის გამო გაბრძოლება რამდენჯერმე მომიწია და ეს პერიოდულად დღემდე მიწევს, მაგრამ ძირითადად, საზოგადოება ტოლერანტულია, – განაცხადა პიარ ტექნოლოგმა და პროფესორმა, ლალი მოროშკინამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ჩვენ ვიცით ეს ისტორია. ჩვენთან დღემდე ფანტასტიკურად გრძნობენ თავს სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები და სხვები. ეს ლიტონი სიტყვები არ არის. რომელ ტოლერანტობაზე ვლაპარაკობთ, როცა ჩვენ გვყავდა მეფე, რომელიც იმისთვის, რომ მოსახლეობის მუსულმანური ნაწილი შეურაცხყოფილი არ ყოფილიყო, დანარჩენებს ღორის დაკვლის უფლებას არ აძლევდა“, – განაცხადა მოროშკინამ.
ამ განცხადებით ლალი მოროშკინამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ უნდა გახდეს საზოგადოება არააგრესიული და არაძალადობრივი, საიდან უნდა დავიწყოთ და როგორ უნდა გავხდეთ ტოლერანტულები.
ლალი მოროშკინამ ასევე განაცხადა, რომ ბავშვზე დამუქრება საკუთარ თავზე არაერთგზის აქვს გადატანილი.
„მიუხედავად ამისა, მე ვცდილობდი, შვილებისთვის მეთქვა, რომ ამ ყველაფერზე აგრესიით არ გვეპასუხა. მე მათ ვეუბნებოდი, საშინელებაა ის, რაც ჩვენ თავს ხდება, მაგრამ მოვითმინოთ, რაღაცნაირად ერთად დავდგეთ თქო. ამ დროს ალბათ, ძალიან დიდი სიყვარული თუ გიშველის, რაც ოჯახს აერთიანებს“, – განაცხადა მოროშკინამ.
როგორც პიარ ტექნოლოგმა და პროფესორმა აღნიშნა, აგრესია ყოველთვის შობს აგრესიას, მაგრამ თამასა ცოტა უფრო უნდა დავადაბლოთ და სიტუაცია გავათბოთ.