ლალი მოროშკინა - სამეგობროში მყავს რელიგიური მრწამსითა და მსოფლმხედველობით განსხვავებული ადამიანები, მათ შორის, ლგბტ საზოგადოების წევრები, მაგრამ ისინი აქციაზე არასოდეს მინახავს
ლალი მოროშკინა - სამეგობროში მყავს რელიგიური მრწამსითა და მსოფლმხედველობით განსხვავებული ადამიანები, მათ შორის, ლგბტ საზოგადოების წევრები, მაგრამ ისინი აქციაზე არასოდეს მინახავს

მე ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელში ვიმყოფები, სადაც ოცი წელი ვიმუშავე და ვიტყვი იმას, რაც არასდროს მითქვამს, რადგან ვფიქრობ, ამის დრო მოვიდა, – ამის შესახებ პიარ ტექნოლოგმა და პროფესორმა, ლალი მოროშკინამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ ამ ტელევიზიაში გვყავდა ძალიან ბევრი თანამშრომელი, უშუალო უფროსები და ჩემი თანამეწყვილეები, რომლებიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის იყვნენ, მაგრამ არ მახსოვს, მათთან პრობლემა გვქონოდა. ისინი დღემდე ჩემი მეგობრები არიან, დღემდე ერთად ვიკრიბებით და ერთმანეთი გვიყვარს“, – განაცხადა მოროშკინამ.

მისი თქმით, მის სამეგობროში რელიგიური მრწამსითა და მსოფლმხედველობით განსხვავებული ადამიანები, მათ შორის, ლგბტ საზოგადოების წევრები არიან, მაგრამ ისინი აქციაზე არასოდეს უნახავს.

„ისინი აქციაზე წასვლას საჭიროდ არ თვლიან. ისინი ასე ცხოვრობენ. მათი უფლებები დაცულია. მე მყავს სტუდენტები და ვერც ერთი ვერასოდეს ვერ იტყვის, რომ რომელიმეს უფლება არ დამიცავს. ორი წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში ვიმუშავე, სადაც ძალიან ბევრი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანი იყო და არ მახსოვს, მათ პრობლემა შეჰქმნოდათ. ზოგადად კი, პრობლემა ნებისმიერ ადამიანს ექმნება, ვინც ქუჩაში დადის“, – განაცხადა მოროშკინამ.

როგორც პიარ ტექნოლოგმა და პროფესორმა განაცხადა, დღევანდელი დღის ყველაზე კარგი დასასრული ის იქნებოდა, თუ დაკავებული ადამიანები არ გვეყოლებოდა.

„მნიშვნელობა არ აქვს, ისინი რომელ ფლანგს წარმოადგენენ. მე ვნახე დაკავების კადრები და იქ პოლიციასთან არანაირი დაპირისპირება, თუ ძალადობა არ ყოფილა“, – განაცხადა ლალი მოროშკინამ.