ლალი მოროშკინა - არ შეიძლება, ცული მოიქნიო და ქვეყანაში სიყვარული აკრძალო მაშინ, როცა სხვა მიმართულებით ტოლერანტული ვართ
ლალი მოროშკინა - არ შეიძლება, ცული მოიქნიო და ქვეყანაში სიყვარული აკრძალო მაშინ, როცა სხვა მიმართულებით ტოლერანტული ვართ

არ შეიძლება, ცული მოიქნიო და ქვეყანაში სიყვარული აკრძალო მაშინ, როცა სხვა მიმართულებით ტოლერანტული ვართ, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, პროფესორმა, ლალი მოროშკინამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„აქ, ქალბატონებს რომ ვუსმენ, ასე მგონია, „რომეო და ჯულიეტა“ და საერთოდ, შექსპირი კლასიკიდან უნდა ამოვიღოთ, სკოლებში ავკრძალოთ, მათრახი დავიჭიროთ, ყველას ვურტყათ პირველი კოცნის გამო, სიყვარული გადავჭრათ და საერთოდ, ყველაფერზე უარი ვთქვათ. იმით, რომ პედაგოგებს, პოლიციელებს დავავალოთ, შესაბამის ქმედებებს მიმართონ, თუ კუთხეში ვიღაცამ ვიღაცას აკოცა, სასწრაფოდ, 140-ე მუხლი გამოვიყენოთ და ა.შ. ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებთ. ჩვენ სამხრეთის ქვეყანა ვართ. ადრეულ ქორწინებასთან ბრძოლა აქ გაცილებით რბილად, ლამაზად, დიპლომატიურად შეიძლება“, – განაცხადა მოროშკინამ.

ამ განცხადებით ლალი მოროშკინამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა უნდა გაკეთდეს ნაადრევი ქორწინებების სტატისტიკის შესამცირებლად, რადგან ნაადრევი ქორწინების შემთხვევაში, გოგონებს განათლების მიღების, თვითრეალიზაციის და სხვა მრავალი საშუალება ერთმევათ.

შეკითხვაზე, როგორი უნდა იყოს რეაგირება იმ შემთხვევაში, როცა ადრეული ქორწინების ინიციატორები მშობლები არიან და გოგონას არასრულწლოვან ასაკში გათხოვება იძულებით ხდება, ლალი მოროშკინამა განაცხადა, რომ ამისთვის მშობლებთან არის სამუშაო და ბავშვები არ უნდა დაისაჯონ.

„ეს იმიტომ ხდება, რომ არსებობს „ქალიშვილობის ინსტიტუტი“, ამბობენ – მეზობელი რას იტყვის და ა.შ. აი, აქ, მარტო ბავშვებთან კი არა, მშობლებთან არის სამუშაო. ჩვენ მშობლებთან უნდა ვიმუშაოთ და არა მხოლოდ ბავშვებთან. ბავშვები არ უნდა დავსაჯოთ“, – განაცხადა მოროშკინამ.

მისი თქმით, საქართველოში ბევრი ეთნიკური უმცირესობა ცხოვრობს თავიანთი შეხედულებებით, ისტორიული ტრადიციებით და არასრულწლოვანთან ქორწინების გამო ყველას ციხეში გაშვებით აბსურდს მივიღებთ.

„მე ბოშათა თემები თბილისშიც ვიცი. ასეთი თემები ბევრია. ესე იგი, უნდა დავეცეთ, წმენდა ჩავუტაროთ და ყველა ციხეში გავუშვათ? მივიღებთ აბსურდს. ცხადია, კანონმდებლობა დასახვეწია. შვიდი წელი, ეს არის წარმოუდგენელი სასჯელი“, – განაცხადა მოროშკინამ.

მოროშკინამ ასევე განაცხადა, რომ მის თაობაზე იძალადეს, გაათხოვეს, გამოათხოვეს და ა.შ. მაგრამ ამის შემდეგ მივიღეთ თაობა, რომელიც გათხოვებაზე კატეგორიულ უარს ამბობს, რითაც მეორე უკიდურესობამდე მივდივართ.

„მე 35 წლის თაობაზე ვამბობ. ასე მგონია, აღარ უნდათ გათხოვება. ჩვენ მეორე უკიდურესობამდე მივდივართ. შემდეგ დგება ასაკი, სადაც უკვე დამთავრებულია ეგ ამბავი, ვეღარც ბავშვს აჩენ, დემოგრაფიული სიტუაცია დაბლა მიდის და ა.შ. რა ვქნათ, გამოსავალი სად არის, როცა ისედაც მცირერიცხოვანი ერი ვართ?“ – განაცხადა მოროშკინამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, საიდან უნდა დაიწყოს მუშაობა იმისთვის, რომ შედეგი ძალიან მოკლე დროში გვქონდეს და ადრეული ქორწინების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვალოს, ლალი მოროშკინამ განაცხადა, რომ მუშაობა მეექვსე-მეშვიდე კლასიდან უნდა დაიწყოს და ცვლილებების ინიციატორი პედაგოგი და მშობელი უნდა იყოს.