ლაიმა ანდრიკიენე - დიდი იმედი მაქვს, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მისწრაფება 24 ნოემბრის სამიტის დეკლარაციაში აისახება
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მისწრაფება, საინვესტიციო ფონდის შექმნა და მომავალი პერსპექტივის შესახებ კონკრეტული ნაბიჯები აღმოსავლეთ პარტნიორობის 24 ნოემბრის სამიტის დეკლარაციაში აისახება – ამის შესახებ პირველ არხს ევროპარლამენტარმა ლაიმა ანდრიკიენემ ევროპარლამენტის მიერ აღნიშნული ქვეყნების მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების შემდეგ განუცხადა.
„კმაყოფილი ვარ კენჭისყრის შედეგებით. არასასიამოვნო სიურპრიზებს არ ველოდი. ამ რეზოლუციით ევროპარლამენტმა საკუთარი სიტყვა თქვა და მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ როგორ ხედავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მომავალს.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპული მისწრაფება თქვენი ქვეყნის, უკრაინისა და მოლდოვის, საინვესტიციო ფონდის შექმნა და მომავალი პერსპექტივის შესახებ კონკრეტული ნაბიჯები 24 ნოემბრის სამიტის დეკლარაციაში აისახება. თუ ეს ასე არ მოხდა, ეს იქნება ოქროს შანსის ხელიდან გაშვება. ძლიერი და სტაბილური სამეზობლო ევროპას გააძლიერებს“, – აღნიშნა პირველ არხთან საუბრისას ევროპარლამენტარმა ლაიმა ანდრიკიენემ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ცხრა დღით ადრე, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ასოცირებული წევრების საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შემდგომ ინტეგრაციას უჭერს მხარს. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პარტნიორების შენგენის და ერთიან საბაჟო კავშირში გაწევრიანებას 519-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, წინააღმდეგი იყო 114 დეპუტატი და 47 პარლამენტარმა თავი შეიკავა.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, რეზოლუცია დღესვე გადაეგზავნება ევროპულ კომისიას და ევროპულ საბჭოს. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება.