ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ცხრა დღით ადრე, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ასოცირებული წევრების საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შემდგომ ინტეგრაციას უჭერს მხარს. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პარტნიორების შენგენის და ერთიან საბაჟო კავშირში გაწევრიანებას 519-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, წინააღმდეგი იყო 114 დეპუტატი და 47 პარლამენტარმა თავი შეიკავა.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, რეზოლუცია დღესვე გადაეგზავნება ევროპულ კომისიას და ევროპულ საბჭოს.

ევროპარლამენტარებმა ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ რეკომენდაციები მოამზადეს. რეკომენდაციებში საუბარია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამი ასოცირებული წევრი ქვეყნის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლობაზე. ევროპარლამენტარები გამოდიან ინიციატივით, დაფუძნდეს საინვესტიციო ფონდი, რომელიც ამ სახელმწიფოებში საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას დაეხმარება.

ევროპარლამენტში სამიტის შესახებ რეზოლუციაზე დებატები 14 ნოემბერს გაიმართა. დებატების დაწყებამდე, ევროპარლამენტარმა ლაიმა ანდრიკიენემ პირველ არხს განუცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია თუ არ იქნება ახალი დინამიკის წინაპირობა, მასში მნიშვნელოვანი ელემენტები არ აისახება, არ იქნება მომავლის პოლიტიკური ხედვა, მაშინ ეს ევროკავშირის უუნარობის და დროის დაკარგვის დემონსტრირება იქნება.

ამასთან, პირველ არხთან საუბრისას ლაიმა ანდრიკიენემ აღნიშნა, რომ არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ახალი ევროპული გეგმა უნდა შესთავაზონ, რომელიც მოიცავს ახალ საინვესტიციო გეგმას, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების განხორციელებასა და ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას.

„როდესაც დრო მოვა, როდესაც საშინაო დავალება შესრულდება და საჭირო კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, მაშინ უნდა ვისაუბროთ ასოცირებული ქვეყნების შენგენის ზონაში, ერთიან საბაჟო კავშირში, ციფრულ თუ ენერგო კავშირში შესაძლო გაწევრიანებაზე. ეს ურთიერთობების გაღრმავებისა და მათთვის შესაძლებლობების მიცემის ვარიანტად უნდა განვიხილოთ. დიფერენცირებული მიდგომა მნიშვნელოვანია. ჩვენი რესურსი შეზღუდულია. უნდა ვიმოქმედოთ პრინციპით – მეტი მეტისთვის. ყურადღების კონცენტრაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე იმ ქვეყნებზე უნდა მოვახდინოთ, რომლებსაც ევროპულ გზაზე შესანიშნავი პროგრესი აქვთ. არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ახალი ევროპული გეგმა უნდა შევთავაზოთ, რომელიც მოიცავს ახალ საინვესტიციო გეგმას. ეს ხელს შეუწყობს ინვესტიციების განხორციელებასა და ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა ლაიმა ანდრიაკინემ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება.