ლაიმა ანდრიკიენე - არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის მსხვერპლია და ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული
საქართველო იყო, არის და იქნება ჩვენი სანდო პარტნიორი, საქართველო ევროკავშირისა და ნატო-ს ღირებული პარტნიორია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ლაიმა ანდრიკიენემ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების დროს განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრიდან 10 წელი გავიდა, თუმცა რუსეთი დღესაც არ ასრულებს ვადლებულებებს.
„რუსეთის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრიდან 10 წელი გავიდა. რა ვითარება გვაქვს დღეს? დღესაც რუსეთის შეიარაღებული ძალები დგანან საქართველოში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. გვაქვს 2008 წელს ხელმოწერილი შეთანხმება, რომელსაც რუსეთი 10 წელია არ ასრულებს. აღებული ვალდებულებების შესრულების ნაცვლად, რუსეთმა 2011 წლიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვა, ხალხის დაშორება, იზოლაცია და ე.წ. საზღვრის გადმოწევა დაიწყო.
კოლეგებო, არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის მსხვერპლია და ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველო იყო, არის და იქნება ჩვენი სანდო პარტნიორი. საქართველო ევროკავშირისა და ნატო-ს ღირებული პარტნიორია“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ლაიმა ანდრიკიენემ.
ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები იმართება, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი თემაზე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ. ევროპარლამენტის პირველ რეზოლუციას, რომელშიც არჩილ ტატუნაშვილზე იქნება საუბარი, 14 ივნისს უყრიან კენჭს.