ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპარლამენტართან - ლაიმა ანდრიკიენე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებს აფასებს
ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპარლამენტართან - ლაიმა ანდრიკიენე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებს აფასებს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებსა და ლიდერების მიერ მიღებულ დეკლარაციას ევროპარლამენტარი ლაიმა ანდრიკიენე პირველ არხთან აფასებს.

პირველი არხი დაინტერესდა, თუ რა რეაქცია ჰქონდა პარლამენტარს, როდესაც აღმოაჩინა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ევროპარლამენტის რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს და არც ერთი რეკომენდაცია სამიტის საბოლოო დოკუმენტში არ მოხვდა.

ლიტველი პოლიტიკოსი ავტორია ევროპარლამენტის რეზოლუციის, რომელიც ევროპის საკანონმდებლო ორგანომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ მიიღო.

ანდრიკიენე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტით იმედგაცრუებულია.

„ევროპარლამენტმა ევროკომისიას, საგარეო მოქმედებათა სამსახურს, ევროპულ საბჭოს, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს და აღმოსავლეთ პარტნიორებს საკმაოდ მკაფიო და ძლიერი სიგნალი გაუგზავნა. ჩვენ ავუხსენით ყველას, თუ როგორ ხედავს ევროპარლამენტი ინიციატივის მონაწილე ქვეყნებთან ურთიერთობებს და თანამშრომლობის გაღრმავების გზებს. ევროპარლამენტის 521 წევრმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს. სამიტამდე ერთი დღით ადრე, ევროპის სახალხო პარტიის შეხვედრაზე განვიხილეთ რეკომენდაციები და ერთხმად მივიღეთ დეკლარაცია. დეკლარაციამ მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის რეკომენდაციებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჩვენს მიერ შეთავაზებული ახალ ფორმატის აღმოსავლეთ პარტნიორობა+”-ის მნიშვნელობაზე. აღმოსავლეთ პარტნიორების მომავალ წევრობაზე ევროპის ერთიან საბაჟო კავშირში, შენგენის ზონაში და საინვესტიციო ფონდის შექმნაზე. ევროპარლამენტის პრეზიდენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს დაესწრო, მიმართა ევროკავშირის ლიდერებს და ინიციატივის მონაწილე ქვეყნებს. საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული ტექსტი სრულ შესაბამისობაში იყო იმ რეზოლუციასთან, რომელიც პარლამენტმა სტრასბურგში დაამტკიცა.

მე ვარ სამიტის შედეგებით იმედგაცრუებული. ჩვენ გვსურდა, რომ სამიტი ყოფილიყო მომავალზე გათვლილი და შედეგზე ორიენტირებული. ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, რომ სამიტს ახალი დინამიკა მიეცა ევროკავშირისა და ასოცირებული ქვეყნების ურთიერთობებისთვის. იმედი გვქონდა, რომ სამიტი ძალიან მკაფიო პოლიტიკურ ხედვას წარმოადგენდა და ნათელი გახდებოდა მომავალში გადასადგმელი ნაბიჯები. სამწუხაროდ, ეს იყო ჩვეულებრივი, რიგითი სამიტი.

შეხვედრა პროგრესის შეფასებით შემოიფარგლა და საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, თუ რას მივაღწიეთ. ერთი სიტყვით მაინც უნდა ყოფილიყო საუბარი საბაჟო, შენგენისა და ენერგო კავშირების მომავალ წევრობაზე. ვარ იმედგაცრუებული და ჩემი აზრით, სამიტმა ხელიდან გაუშვა ბევრი შესაძლებლობა.

ეს შედეგი ნაწილობრივ აღმოსავლეთ პარტნიორების მოქმედებების შედეგიცაა. ჩემდა სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეკომენდაციებზე და ახალ ფორმატზე “აღმოსავლეთ პარტნიორობა+”-ზე არაფერი უთქვამთ ჩვენს ქართველ, უკრაინელ და მოლდოველ პარტნიორებს. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ მათთვის ამ თემაზე საუბარი მნიშვნელოვანი არ იყო. თუ არ არის მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის წევრებისთვის, მაშინ რატომ უნდა დაინტერესებულიყვნენ ევროკავშირის ქვეყნები. თუ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორები არ იბრძვიან სიახლისთვის, ინიციატივისთვის დინამიკის მისაცემად, ამბიციური გეგმებისთვის, მაშინ როგორ უნდა მოვითხოვოთ ეს სხვისგან“,- განაცხადა ლაიმა ანდრიკიენემ.

ახალ რეკომენდაციებს ევროპარლამენტი ორი წლის შემდეგ მიიღებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი 2019 წელს გაიმართება.