ლაიმა ანდრიაკინე - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ახალი ევროპული გეგმა უნდა შევთავაზოთ
არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ახალი ევროპული გეგმა უნდა შევთავაზოთ, რომელიც მოიცავს ახალ საინვესტიციო გეგმას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ლაიმა ანდრიაკინემ პირველ არხს ევროპარლამენტში განუცხადა, სადაც 14 ნოემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე და საკანონმდებლო ორგანოს ახალ რეზოლუციაზე იმსჯელეს.
რეზოლუციას პარლამენტარები კენჭს 15 ნოემბერს უყრიან. რეზოლუციის ტექსტში საუბარია იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც პარლამენტარების აზრით, ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ და 24 ნოემბრის სამიტის დეკლარაციაში ასახონ.
„როდესაც დრო მოვა, როდესაც საშინაო დავალება შესრულდება და საჭირო კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, მაშინ უნდა ვისაუბროთ ასოცირებული ქვეყნების შენგენის ზონაში, ერთიან საბაჟო კავშირში, ციფრულ თუ ენერგო კავშირში შესაძლო გაწევრიანებაზე. ეს ურთიერთობების გაღრმავებისა და მათთვის შესაძლებლობების მიცემის ვარიანტად უნდა განვიხილოთ. დიფერენცირებული მიდგომა მნიშვნელოვანია. ჩვენი რესურსი შეზღუდულია. უნდა ვიმოქმედოთ პრინციპით – მეტი მეტისთვის.
ყურადღების კონცენტრაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე იმ ქვეყნებზე უნდა მოვახდინოთ, რომლებსაც ევროპულ გზაზე შესანიშნავი პროგრესი აქვთ. არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ახალი ევროპული გეგმა უნდა შევთავაზოთ, რომელიც მოიცავს ახალ საინვესტიციო გეგმას. ეს ხელს შეუწყობს ინვესტიციების განხორციელებასა და ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა ლაიმა ანდრიაკინემ.