ლადო მგალობლიშვილი - თორნიკე რიჟვაძეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის არც ერთი მუხლი არ დაურღვევია
თორნიკე რიჟვაძეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის არც ერთი მუხლი არ დაურღვევია, საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების დღეს აკრძალულია მხოლოდ სატელევიზიო რეკლამების გაშვება ეთერში, დანარჩენი სხვა საჯარო მოწოდება არის ნებადართული – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ლადო მგალობლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, არაკომპეტენტურობა და სირცხვილია, თუ ეს არ იცის სიორიძემ, ხოლო თუ იცის და ამას მიზანმიმართულად აკეთებს, ეს უკვე პროვოკაციაა.
„თორნიკე რიჟვაძეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის არც ერთი მუხლი არ დაურღვევია, უფრო მეტიც, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების დღეს აკრძალულია მხოლოდ და მხოლოდ სატელევიზიო რეკლამების გაშვება ეთერში, დანარჩენი სხვა საჯარო მოწოდება არის ნებადართული. შესაბამისად, თუ ეს არ იცის ბატონმა სიორიძემ, ეს არის არაკომპეტენტურობა და ძალიან დიდი სირცხვილი, თუ იცის და ამას მიზანმიმართულად აკეთებს, ეს არის უკვე პროვოკაცია და ესეც ძალიან სირცხვილია“, – განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს ამომრჩევლებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს არჩევნები მნიშვნელოვანია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისთვის, მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის და იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც თითოეულ ბათუმელს აწუხებს.