ლადო აფხაზავა - როცა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გავხდი, ვთქვი, რომ აუცილებლად ვეტყოდი მსოფლიოს საქართველოს მასწავლებლების სათქმელს
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი რომ გავხდი, ვთქვი, რომ აუცილებლად ვეტყოდი მსოფლიოს საქართველოს მასწავლებლების სათქმელს, – ამის შესახებ 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალისტმა, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ლადო აფხაზავამ განაცხადა. ლადო აფხაზავას კომენტარს კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ ავრცელებს.
„ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო და გადმოგცეთ ჩემი ემოციები! 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი რომ გავხდი, მაშინ მე ვთქვი, რომ აუცილებლად ვეტყოდი მსოფლიოს საქართველოს მასწავლებლების სათქმელს“, – განაცხადა ლადო აფხაზავამ.
ლადო აფხაზავას წარმატებას ულოცავს საქართველოში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ დაარსების იდეის ავტორი, კოალიციის „განათლება ყველასათვის“ გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე.
„იყო მსოფლიოს ათ საუკეთესო მასწავლებელს შორის, ეს უკვე გამარჯვებაა არა მხოლოდ ლადოსთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის“, – განაცხადა ირინა ხანთაძემ.
ვარკის ფონდისა და მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს დამფუძნებლის, სანი ვარკის განცხადებით, ლადო აფხაზავას ფინალში მოხვედრა მეტად წარმოაჩენს ქართველი მასწავლებლების საქმიანობას.
„მსურს მივულოცო ლადოს, რომ ის მრავალრიცხოვანი, ნიჭიერი და თავდადებული მასწავლებლებიდან შერჩეულ ათ ფინალისტს შორისაა. იმედი მაქვს, მისი ამბავი შთააგონებს მათ, ვისაც სურს მასწავლებლის პროფესიის დაუფლება და ასევე, უფრო მეტად წარმოაჩენს საქმიანობას, რომელსაც მასწავლებლები ეწევიან საქართველოში და მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად“, – განაცხადა სანი ვარკმა.
2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში ლადო აფხაზავასთან ერთად არიან: დებორა გურაფლო – ბრაზილია; დეიზი მერტენსი – ნიდერლანდები; ენდრიუ მოფეტი – დიდი ბრიტანეთი; სვარუპ რავა – ინდოეთი; მელისა სალგუერო – აშშ; მარტინ სალვეტი – არგენტინა; იასოდაი სელვაკუმარანი – ავსტრალია; ჰიდიკაზუ შოტო – იაპონია; პიტერ ტუბიში – კენია. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება.
„მასწავლებლის გლობალური ჯილდო“ მილიონი დოლარის ოდენობის ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც გადაეცემა გამორჩეულ მასწავლებელს პროფესიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის. კამპანიის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და აღიარება, საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა და დაფასება. ჯილდო 2015 წელს დაწესდა.
ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებელია.
„მის შთამბეჭდავ საქმიანობას შორისაა პროგრამა „დემოკრატიული რევოლუცია“, რომელიც გულისხმობს სკოლის მენეჯმენტის გარდაქმნას, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების გზით. პროგრამა უკვე 14 სკოლაში დაინერგა. ასევე, ლადო 2012 წლიდან მცირე საოჯახო სახლის მენეჯერია, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. მისი მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად, შეძლონ თავიანთი აზრის გამოხატვა, იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება“, – აღნიშნულია კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს“ ინფორმაციაში.