კანაფის მოხმარება შეიძლება ცვლილებებს იწვევდეს ადამიანის ეპიგენომში. ამის შესახებ 1000-ზე მეტ ადამიანზე ჩატარებული კვლევა იუწყება. ეპიგენომი ერთგვარ გადამრთველთა კომპლექტია, რომელიც ააქტიურებს ან თიშავს გენებს, რათა ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირება შეცვალოს.
„დავაკვირდით კავშირს მარიხუანას კუმულაციურ (მზარდ) მოხმარებასა და დროთა განმავლობაში მრავალი ეპიგენეტიკური მარკერის ცვლილებას შორის“, — ამბობს ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ფეინბერგის სამედიცინო სკოლის ეპიდემიოლოგი ლიფანგ ჰუ.
კანაფი აშშ-ში ფართოდ გამოყენებადი ნივთიერებაა; როგორც ჰუ და მისი კოლეგები პუბლიკაციაში იუწყებიან, ამერიკელების 49 პროცენტს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უცდია მისი გამოყენება. აშშ-ის ზოგიერთ შტატსა და ქვეყანაში ის ლეგალურია, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ არის შესწავლილი მისი ეფექტები ჯანმრთელობაზე.
მკვლევრებმა შეისწავლეს დაახლოებით 1000 ზრდასრული, რომლებიც წინა გრძელვადიან კვლევაში მონაწილეობდნენ; ამ კვლევაში მათ ეკითხებოდნენ 20 წლის განმავლობაში მათ მიერ კანაფის მოხმარების შესახებ. ამ დროის განმავლობაში, კვლევის მონაწილეებმა ორჯერ ჩააბარეს სისხლის ნიმუში, 15- და 20-წლიან წერტილებში. საწყის ეტაპზე ისინი 18-დან 30 წლამდე ასაკის იყვნენ, რასაც „0 წელი“ უწოდეს.
5-წლიანი ინტერვალებით ამ სისხლის ნიმუშების გამოყენებით, ჰუ და მისი ჯგუფი ეპიგენეტიკურ ცვლილებებს სწავლობდა, განსაკუთრებით დნმ-ის მეთილირების დონეს იმ ადამიანებში, რომლებიც ბოლო დროს კანაფს დიდი ხნის განმავლობაში იყენებდა.
ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი ეპიგენეტიკური მოდიფიკაციაა დნმ-ში მეთილის ჯგუფების დამატება ან ამოღება. ის გენების აქტივობას გენომური მიმდევრობის ცვლილების გარეშე ცვლის, რადგან ამ მოლეკულური ცვლილებებით, უჯრედებისთვის გენომის ინსტრუქციის სახელმძღვანელოს წაკითხვა უფრო რთულია.
მეთილირების ეს ცვლილებები შეიძლება გარემოს და ცხოვრების სტილის ფაქტორებმა გამოიწვიოს, რაც შეიძლება თაობებსაც კი გადაეცეს; სისხლის ბიომარკერები გვაწვდის ცნობებს როგორც ახალი, ისე ისტორიული ექსპოზიციის შესახებ.
„წარსულში გამოვავლინეთ კავშირი მარიხუანას მოხმარებასა და დაბერების პროცესს შორის, რაც დნმ-ის მეთილირების გზით ხდებოდა. ახლა გვსურდა, მეტად შეგვესწავლა, იყო თუ არა ეს კონკრეტული ეპიგენეტიკური ფაქტორები დაკავშირებული მარიხუანასთან და არის თუ არა ეს ფაქტორები დაკავშირებული ჯანმრთელობასთან“, — ამბობს ჰუ.
კანაფის მომხმარებელ მონაწილეთა შესახებ ყოვლისმომცველმა მონაცემებმა, მკვლევრებს საშუალება მისცა, შეეფასებინათ კულუმაციური მოხმარება დროთა განმავლობაში, ისევე როგორც ბოლო პერიოდის მოხმარება და შემდეგ, ანალიზის მიზნით, ისინი მათ სისხლში დნმ-ის მეთილირების მარკერებისთვის შეედარებინათ.
15-წლიან სისხლის ნიმუშებში მათ დნმ-ის მეთილირების მრავალი მარკერი იპოვეს, რომელთაგან 22 დაკავშირებული იყო მარიხუანას ბოლოდროინდელ მოხმარებასთან, 31 კი კულუმაციურ (ზრდად) მოხმარებასთან. 20-წლიან წერტილში აღებულ მონაცემებში მათ გამოავლინეს ბოლოდროინდელ მოხმარებასთან დაკავშირებული 132 მარკერი, 16 კი კულუმაციურ მოხმარებასთან.
„საინტერესოა, რომ მუდმივად გამოვლინდა ერთი მარკერი, რომელიც აქამდე თამბაქოს მოხმარებასთან იყო დაკავშირებული, რაც მიუთითებს თამბაქოსა და მარიხუანას მოხმარებას შორის პოტენციურ საზიარო ეპიგენეტიკურ რეგულაციაზე“, — ამბობს ჰუ.
აქამდეც ცნობილი იყო, რომ კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებული მრავალი ეპეიგენეტიკური ცვლილება დაკავშირებულია მაგალითად, უჯრედულ პროლიფერაციასთან (გამრავლება მრავალჯერადი თანმიმდევრული გაყოფით), ჰორმონულ სიგნალიზებასთან, ინფექციებთან, ისეთ ნევროლოგიურ აშლილობებთან, როგორიც არის შიზოფრენია და ბიპოლარული აშლილობა, ნივთიერების მოხმარების აშლილობა.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეს კვლევა არ ამტკიცებს, თითქოს კანაფი პირდაპირ იწვევდეს ამ ცვლილებებს ან ჯანმრთელობის პრობლემებს.
„ამ კვლევამ ახალი ცნობები შესძინა კავშირს მარიხუანას მოხმარებასა და ეპიგენეტიკურ ფაქტორებს შორის. დამატებითი კვლევებია საჭირო, რათა განისაზღვროს, მუდმივად შეიმჩნევა თუ არა ეს კავშირები სხვადასხვა პოპულაციებში. ამას გარდა, ჯანმრთელობაზე მარიხუანას გრძელვადიანი ეფექტის შესახებ დამატებითი ცნობები შეიძლება მოგვაწოდოს კვლევებმა, რომლებიც შეისწავლის მარიხუანას ეფექტს ასაკთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებზე“, — ამბობს ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი დრიუ ნანინი.
კვლევა Molecular Psychiatry-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.feinberg.northwestern.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.