კვების რაციონში ერთი მარტივი ცვლილება კაცებში ნაწლავის კიბოს რისკს ამცირებს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მცენარეულ საკვებს ჯანმრთელობისთვის მრავალი სარგებელი აქვს; მაგალითად, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მაღალი არტერიული წნევისა და მე-2 ტიპის დიაბეტის რისკებს. ხილისა და ბოსტნეულის რეგულარულად ჭამამ შეიძლება ასევე შეამციროს ზოგიერთი ტიპის კიბოს განვითარების რისკიც.
აშშ-ში 79 952 მამაკაცზე ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ბოსტნეულით, ხილით, მთლიანი მარცვლეულით, პარკოსნებით, თხილეულითა და თესლებით მდიდარი კვების რაციონი დაკავშირებულია კოლორექტული კიბოს (მსხვილი და სწორი ნაწლავის) 22 პროცენტით ნაკლებ რისკთან, ვიდრე იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც მცირე ოდენობით მცენარეულ საკვებს მიირთმევენ.
კვლევა მხოლოდ დაკვირვებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, რატომ არის ზოგიერთი საკვები დაკავშირებული ნაწლავის უკეთეს ჯანმრთელობასთან. თუმცა, აქვთ გარკვეული მოსაზრებები.
კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ცხოველური საკვების, დაფქული მარცვლეულისა და შაქრის ზოგადი შემცირება შეძლება სარგებლის მომტანი იყოს სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის.
საინტერესოა, მაგრამ აშშ-ში, 93 475 ქალის მონაცემებში, მკვლევრებმა ვერ მიაგნეს ვერანაირ კავშირს მცენარეულ საკვებსა და კოლორექტულ კიბოებს შორის.
„ვვარაუდობთ, რომ ხილში, ბოსტნეულსა და მთლიან მარცვლეულში არსებული ანტიოქსიდანტები ხელს უნდა უწყობდეს კოლორექტული კიბოს რისკის შემცირებას, რადგან თრგუნავს ქრონიკულ ანთებას, რაც კიბოს გამომწვევია“, — განმარტავს სამხრეთ კორეის კიონჰის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯი კიმი.
მისი განცხადებით, რადგან კოლორექტული კიბოს რისკები მამაკაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში, ისინი ვარაუდობენ, რომ სწორედ ამან შეიძლება ახსნას, რატომ არის დიდი ოდენობით ჯანსაღი მცენარეული საკვები დაკავშირებული კოლორექტული კიბოს რისკის შემცირებასთან კაცებში, მაგრამ არა ქალებში.
ზოგადად, ქალები კაცებზე მეტ მცენარეულ საკვებს მოიხმარენ და ამიტომ, მეტი ხილისა და ბოსტნეულის ჭამა შეიძლება აუცილებლად არ ნიშნავდეს კიბოსგან დაცვის რაიმე შესამჩნევად ზრდას. ქალების ამ კონკრეტულ კოჰორტას მცენარეული საკვებისგან სარგებელი შეიძლება უკვე მიღებული ჰქონდა.
სქესებს შორის ასეთი შეუსაბამობები აჩვენა სხვა ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმაც.
მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს ბიობანკის კვლევაში, კაცებს, რომლებიც შედარებით ცოტა ხორცს ჭამდნენ, კოლორექტული კიბოს განვითარების 9 პროცენტით ნაკლები რისკი ჰქონდათ, ვიდრე ტიპურ ხორცისმჭამელებს. ასეთ სარგებელს ვერ მიაგნეს ქალებში.
როგორც პოპულაციის დონის კვლევა, ეს კვლევა მეტად ყოვლისმომცველი იყო, მაგრამ მისი ფოკუსი რაციონში ხორცის დონეზე იყო და არა კონკრეტულად მცენარეული საკვების ჭამაზე. ხორცის მოხმარების შემცირება აუცილებლად არ ნიშნავს ჯანმრთელობაზე სარგებელთა ზრდას.
ზოგიერთ მცენარეულ საკვებს სხვებზე მაღალი კვებითი ღირებულება აქვს. მაგალითად, წინა კვლევებმა აჩვენა, რომ მთლიან მარცვლეულს, ბოსტნეულსა და მარცვლეულის ბოჭკოს შეუძლია კიბოს რისკის შემცირება, მაშინ, როცა დაფქულ მარცვლეულს ჯანმრთელობაზე უარყოფითი ეფექტები აქვს.
სამწუხაროდ, ახალ კვლევაში ერთმანეთისგან არ გაურჩევიათ ცხოველური საკვების ტიპები, რაც გარკვეული შეზღუდვაა, რადგან ზოგიერთი საკვები, მაგალითად, თევზი და რძის პროდუქტები შეიძლება თქვენთვის კარგი იყოს. ამას გარდა, ამ გრძელვადიანი კვლევის მონაწილეები საკუთარ კვების რაციონს კითხვარის საფუძველზე აფასებდნენ, რაც სულაც არ ნიშნავს მთელი ცხოვრების კვების რაციონს.
ეს კვლევა იმითაც იყო გამორჩეული, რომ მონაწილეობდა მრავალეთნიკური კოჰორტა ჰავაიდან და ლოს-ანჯელესიდან.
მსოფლიოს მასშტაბით, კოლორექტული კიბო მესამე ყველაზე გავრცელებული კიბოა, მაგრამ რისკის წინაშე ყველა თანაბრად არ დგას.
კვლევა BMC Medicine-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.