კუს ტბის წილების იძულებით დათმობის საქმეზე ბესიკ ხარძიანის და დაკითხეს
ბესიკ ხარძიანის წილების იძულებით დათმობისა და წამების საქმეზე დღეს მისი და, მაია ხარძიანი დაიკითხა.
მაია ხარძიანმა სასამართლოს უამბო, რომ წლების წინ, როდესაც მისი ძმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ციხეში სასჯელს იხდიდი, მას ბიზნესმენ გია უდესიანთან ჰქონდა კომუნიკაცია. მაია ხარძიანის ინფორმაციით, ბიზნესმენი ოჯახს ბესიკ ხარძიანის გათავისუფლების სანაცვლოდ, კუს ტბის წილების გადაფორმებას სთხოვდა.
სხდომის შემდეგ ეს ინფორმაცია პროკურორმაც დაადასტურა.
„მოწმის განმარტებით, ის უშუალოდ იყო მოლაპარაკებებში გია უდესიანთან, რა დროსაც უდესიანმა მოთხოვნა დააყენა, თუ ხარძიანებს სურდათ, ციხიდან დაეხსნათ ბესო ხარძიანი, ვალდებულები იყვნენ, წილები დაეთმოთ იმ კომპანიისთვის, რომელზეც თავად უდესიანი მიუთითებდა“, – განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.
გია უდესიანის ადვოკატი კი მაია ხარძიანს საქმის ცრუ მოწმეს უწოდებს. ამ საქმეზე ბრალდებულები არიან გია უდესიანი და სასჯელაღსრულების გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილი უფროსი ალექსანდრე მუხაძე.
გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ დაკავებულ ბესარიონ ხარძიანს უდესიანის ორგანიზებით კუთვნილი წილები ზეწოლის შედეგად გადააფორმებინეს.