კურტ ვოლკერი - ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა საზოგადოებრივი როლით პარტიის ხელმძღვანელად, რაც გონივრული გადაწყვეტილებაა
ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა საზოგადოებრივი როლით პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელად, ეს შესაბამისი და გონივრული გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, კურტ ვოლკერმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“ განაცხადა.
„მესმის იმ ჩივილების, როდესაც ბიძინა ივანიშვილი წასულია პოლიტიკიდან, თუმცა მაინც ინარჩუნებს გავლენას. ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა საზოგადოებრივი როლით პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელად, ეს შესაბამისი და გონივრული გადაწყვეტილებაა”, – განაცხადა ვოლკერმა.
როგორც ვოლკერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს ინსტიტუტები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიისათვის არის საჭირო.
მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, დღეს თბილისში მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გაიხსნა. კონფერენციის მოდერატორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს კითხვით მიმართა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს შეეხებოდა და ჰკითხა, ვინ არის მისი ხელმძღვანელი და ვის წინაშეა ანგარიშვალდებული. როგორც ბახტაძემ კითხვის პასუხად განაცხადა, არ ფიქრობს, რომ საქართველოში ოლიგარქიული მდგომარეობაა და აღნიშნა, რომ ანგარიშვალდებულია ამომრჩევლების წინაშე, დანარჩენი კი პოლიტიკური სპეკულაციებია.