კურტ ვოლკერი - ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაციას სურს, თბილისში რეგიონული ჰაბი შექმნას
ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაციას აქვს სურვილი, თბილისში რეგიონული ჰაბი შექმნას, – ამის შესახებ ნატო-ში ამერიკის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი „ამერიკის ხმასთან“ აცხადებს.
ვოლკერის თქმით, საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუ პროექტი განხორციელდა.
მისივე განმარტებით, სურს, საქართველომ მიიზიდოს მეტი ინვესტიცია სხვადასხვა სფეროში.
„ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაციას აქვს სურვილი, თბილისში შექმნას რეგიონული ჰაბი. პროექტი მთელ რეგიონს მოიცავს, მაგრამ ცენტრი თბილისი იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი წამოწყებაა, იმედი მაქვს, გამოვა. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, რომელიც საქართველოს ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში ეხმარება. ჩემი სურვილია, საქართველომ მიიზიდოს უფრო მეტი ინვესტიცია სხვადასხვა სფეროში. ზოგიერთ პროექტზე მე ვმუშაობ, ვიცნობ სხვებსაც, ვინც ამ მხრივ მუშაობენ“, – აღნიშნა ვოლკერმა.
ამასთან, ვოლკერის განცხადებით, უცხოელი ინვესტორები საქართველოში შევლენ, თუ ისინი იგრძნობენ, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობაა და ეკონომიკური სისტემა მაღალი ნდობით სარგებლობს.
„საქართველოს და ყველას ინტერესშია, რომ ქვეყანამ მეტი შემოსავალი მიიღოს და დასაქმება გაიზარდოს“, – ამბობს ვოლკერი „ამერიკის ხმასთან“.
გარდა ამისა, კურტ ვოლკერი იმედოვნებს, რომ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. მისი თქმით, როგორც მთავრობა, ისე ოპოზიცია კომპრომისზე უნდა წავიდეს, რადგან ეს ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
„საქართველო პატარა და მშვენიერი ქვეყანაა დიდებული ხალხით. ვფიქრობ, რომ ხალხი უნდა გაერთიანდეს და ერთად ააშენოს საკუთარი ქვეყანა. მათ ასე უნდა წარუდგინონ თავი დანარჩენ მსოფლიოს. ასე რომ, ვუსურვებ საქართველოს შერიგებას და გაერთიანებას. როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია უნდა წავიდეს კომპრომისზე, ქვეყანაში უნდა არსებობდეს გაცემისა და მიღების შეგრძნება. კომპრომისზე წასვლა ორივე მხარემ უნდა შეძლოს, რადგან ეს ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს“, – აღნიშნა ამერიკის ყოფილმა ელჩმა ნატო-ში კურტ ვოლკერმა.