კურორტ თეთნულდზე „ფრირაიდის“ მსოფლიო ტურის დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპი 12 თებერვალს გაიმართება
„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინფორმაციით, პირველად საქართველოში, კურორტ თეთნულდზე, „ფრირაიდის“ კვირეულის ფარგლებში, 12 თებერვალს „ფრირაიდის“ მსოფლიო ტურის დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება.
მათივე ცნობით, საკვალიფიკაციო ეტაპები მოიცავს ორ შეჯიბრს.
„ორვარსკვლავიან შეჯიბრს საქართველომ ღირსეულდ უმასპინძლა. 12 თებერვალს კი 4-ვარსკვლავიანი შეჯიბრი გაიმართება. შეჯიბრში მონაწილეობას 20 ქვეყნის 120 სპორტსმენი მიიღებს, მათ შორის კი იასპარეზებს ერთადერთი ქართველი სპორტსმენი შაკო მარგიანი, რომელმაც ორვარსკვლავიან შეჯიბრში წარმატებით გამოსვლის შედეგად მიიღო მონაწილეობის უფლება.
„ფრირაიდის“ საკვალიფიკაციო ეტაპები საქართველოში პირველად ტარდება. ღონისძიების წარმატებით ჩატარების შედეგად, ქვეყანას შესაძლებლობა მიეცემა, უნასპინძლოს „ფრირაიდის“ მსოფლიო ტურს.
ღონისძიების მაღალი სტანდარტით ჩატარება წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით. გაზრდის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას და უფრო მიმზიდველს გახდის ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლების, ინვესტორებისთვის.
ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის, სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია შან-ლენდისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.