საქართველო „ფრირაიდის“ მსოფლიო ტურის ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყნად განიხილება 
საქართველო „ფრირაიდის“ მსოფლიო ტურის ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყნად განიხილება 

მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციის (GSF) ორგანიზებით, საქართველოს ფრირაიდის მიმართულების საერთაშორისო დელეგატები ეწვივნენ. დელეგატებმა მოინახულეს სვანეთი და ადგილზე დაათვალიერეს ის შესაძლო არეალები, სადაც უმაღლესი რანგის „ფრირაიდის“ მსოფლიო ტურის ჩატარება მოიაზრება.

მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველომ კურორტ თეთნულდზე უკვე ორჯერ უმასპინძლა „ფრირაიდის“ საკვალიფიკაციო ეტაპებს, რომელშიც 20 ქვეყნის 120-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. წარმატებულად ჩატარებულმა ღონისძიებებმა განაპირობა საერთაშორისო ექსპერტების ყურადღება და საქართველოს, როგორც „ფრირაიდის“ მსოფლიო ტურის ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყნად განხილვა, ექვს წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის. საბოლოო გადაწყვეტილება საფრანგეთის ქალაქ ანესში, სექტემბრის ბოლოს „ფრირაიდის“ ყოველწლიურ ღონისძებაზე გახდება ცნობილი.

„ჩვენ აქ ვიმყოფებით თანამშრომლობის ფარგლებში, ქართულ სტუმართმოყვარე მასპინძელ გუნდთან, რათა ჩავატაროთ მთის ინსპექტირება და შევაფასოთ მისი პოტენციალი მოსალოდნელი „ფრირაიდის“ მსოფლიო ტურის შეჯიბრების წინ. საქართველო გვთავაზობს ფანტასტიკურ მთებს, ძალიან კარგი თოვლით. ახლა ჩვენ აღმოვაჩინეთ არაჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობა. ვიმედოვნებთ, შევძლებთ გამოვაცხადოთ, რომ საქართველო შეუერთდება „ფრირაიდის“ მსოფლიო ტურის დიდ ოჯახს, ამ ექსკლუზიურ კლუბს“, – განაცხადა „ფრირაიდის“ მსოფლიო ტურის დამფუძნებელმა, ნიკოლას ჰეილ-ვუდსმა.

მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის, ირაკლი ბურჭულაძის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება უმნიშვნელოვანესი იქნება ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის.

„„ფრირაიდის“ მსოფლიო ტური 300 მილიონ მაყურებელს ფარავს. აღნიშნული ღონისძიება უმნიშვნელოვანესი იქნება ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის. საქართველო მსოფლიო რუკაზე, შესაძლოა, კიდევ ერთხელ მოინიშნოს ახალი მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით“, – განაცხადა ირაკლი ბურჭულაძემ.