კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მოწამეთას სამონასტრო კომპლექსში სამუშაოები კულტურულ მემკვიდრეობას არ აზიანებს
მოწამეთას სამონასტრო კომპლექსის ტაძრის წინამძღოლთან მოხდება შეთანხმება და საჭიროების შემთხვევაში, მოხდება შელესილი ადგილების გათავისუფლება, ან გაგრძელდება სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის მმართველმა, როლანდ ისაკაძემ პირველ არხს კოშკის დათვალიერების შემდეგ განუცხადა.
„ეს კოშკი არის მეექვსე საუკუნის. არსებულ სიტუაციამდე, ჭერში იყო 60-იანი წლების შელესილობა, საიდანაც ცვიოდა ბათქაში. ეს სამუშაო არ აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას, თუმცა შეთანხმებული უნდა ყოფილიყო კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთან“, – აცხადებს ისაკაძე.
მოწამეთას სამონასტრო კომპლექსის შესასვლელში, ერთ-ერთი კოშკის შიდა მხარეს ისტორიული კედელი თაბაშირით შელესეს.
აღნიშნული კოშკი 1972 წელს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, რომანოზის ინიციატივითა და შემწეობით განახლდა.