კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, სოფელ ცუცხვათის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით დასრულდა ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცუცხვათის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია იყო უმძიმეს მდგომარეობაში – დანგრეული იყო კამარა, კონქი, კედლების დიდი ნაწილი, შემოცლილი იყო კარნიზი, კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით.
სააგენტოს ცნობით, სამუშაოები არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ ჩატარდა.
სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად: მოეწყო სუფთათ თლილი ტუფის ქვით კარნიზები და თაღები, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე კარების გარშემო მოეწყო სუფთათლილი კირქვის თაღები და სწორხაზოვანი ლილვები, გადაყვანილ იქნა კამარა და კონქი კირქვით,შემდეგ კი გაილესა კირხსნარით, დაიგო იატაკი კირქვის ფილებით, დამონტაჟდა ხის კარ-ფანჯარა მაგარი ჯიშის ხის მასალისაგან ლითონის ელემენტებით მორთული, შეივსო სახურავი პემზაბეტონით,რის შემდეგაც გადაილესა კირხსნარით, სახურავი გადაიხურა თუნუქით ლორფინის იმიტაციით“ ,- ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
სოფელ ცუცხვათის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინდმეწარმე ბეჟან ყაველაშვილმა განხორციელა.