კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ალავერდის კარიბჭე-სამრეკლოს გუმბათზე ჯვარი აღიმართა
სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის სამონასტრო კომპლექსის კარიბჭე-სამრეკლოს გუმბათზე ახალჩამოსხმული ჯვარი აღიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის (მახარაძე) მიერ ჯვრის კურთხევასა და არქიტექტორ-რესტავრატორების მიერ მის აღმართვას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ აზნაურაშვილი და ბრინჯაოს მხატვრული ჩამომსხმელები – ოლეგ გელაშვილი და პაატა გელაშვილი.
„ჯვრის დამზადება სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უშუალო ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, აღნიშნულ პროცესს კი წინ უძღოდა საპროექტო სამუშაოები. პროექტის მიხედვით, გაკეთდა მაკეტი, რის საფუძველზეც დამზადდა ყალიბი, რომელშიც ჩამოისხა თითბრის ჯვარი. ჯვრის ჩამოსხმა მიმდინარეობდა არქიტექტორ-რესტავრატორების ზედამხედველობით. ასევე, ანალოგიური გეგმით დამზადდა ჯვარი, რომელიც ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათზე აღიმართება“, – ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში ნათქვამია, რა ეტაპზეა აღდგენითი სამუშაოები სტიქიის შედეგად დაზიანებულ ალავერდის სამონასტრო კომპლექსში.
„ამ დროისთვის საკათედრო ტაძრის დასავლეთ მინაშენზე (სტოაზე) და საეპისკოპოსო სახლზე მოხსნილია დაზიანებული კრამიტის სახურავი. სტოაზე მოეწყო კრამიტის საბურვლისთვის შესაბამისი კონსტრუქციები, ხოლო საეპისკოპოსო სახლზე სრულად აღდგა კრამიტის სახურავი. გარდა ამისა, კარიბჭე-სამრეკლოზე მოეწყო გუმბათის ირგვლივ ანტისეისმური სარტყელი. სამომავლოდ გათვალისწინებულია შემდეგი სამუშაოები: კარიბჭე-სამრეკლოზე ფურცლოვანი სპილენძით გუმბათის გადახურვა. ტაძრის დასავლეთ მინაშენზე (სტოა) დაგეგმილია კრამიტის სახურავის მოწყობა. ამასთან, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გუმბათის გადახურვისა და ჯვრის დასამაგრებლად მიმდინარეობს შესაბამისი კონსტრუქციული პროექტის შემუშავება. საჭირო ხდება გუმბათის ქვედა ნაწილებში დამტვრეული ლორფინების აღდგენა, რის შემდეგაც მოეწყობა სპილენძის საბურველი. ასევე, იგეგმება ტაძრის მკლავებისა და ნავების სახურავებზე დაზიანებული ლორფინების აღდგენა და მცენარეული საფრისგან გაწმენდა“, – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 25 ივნისს ძლიერმა სტიქიამ ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი დააზიანა, კერძოდ, სტიქიამ საფარი გადახადა ტაძრის გუმბათს. ასევე, ჩრდილოეთ კალთის სხვადასხვა ადგილას დაიმტვრა ლორფინის ქვები და დანარჩენ ადგილებში დაზიანდა კრამიტის სახურავი, ჩაიმსხვრა ტაძრის დასავლეთ მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანდა სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ასევე, ჩამოიშალა სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
„ალავერდის ეპარქიასთან შეთანხმებით, სააგენტოს მიერ უმოკლეს ვადაში მოეწყო როგორც ტაძარზე (გუმბათის ჩათვლით), ასევე საეპისკოპოსო სახლის მთელ პერიმეტრზე ხარაჩო, რათა სპეციალისტებს შესძლებოდათ სრულფასოვნად მუშაობა, რისთვისაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო ალავერდში 4 500 კვ. მ ხარაჩოს მასალის გაგზავნა. სპეციალისტებს მიეცათ შესაძლებლობა შეესწავლათ სტიქიის შედეგად გამოვლენილი დაზიანებები, რის საფუძველზეც ჩატარდა პრევენციული ღონისძიებები და დაიგეგმა საპროექტო სამუშაოები. 26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ალავერდში ჩავიდა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად და სტიქიის შედეგად შექმნილ მდგომარეობას გაეცნო. 7 ივლისს სტიქიის შედეგად დაზიანებულ ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არსებულ ვითარებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეცნო. საქართველოს პრემიერ-მინისტრს შექმნილი მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ აზნაურაშვილმა და აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.