კულტურის სფეროში არსებული სსიპ ორგანიზაციები ერთიანდება
კულტურის სფეროში არსებული სსიპ ორგანიზაციები ერთიანდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კულტურის მიმართულების სსიპ ორგანიზაციები და სამინისტროს სისტემაში არსებული მცირეკონტიგენტიანი დაწესებულებები გამსხვილდება და გაძლიერდება.

სამინისტროს ინფორმაციით, გამსხვილების შედეგად, მცირე მოცულობის დაფინანსებისა და საშტატო ერთეულების მქონე სსიპ-ები შეუერთდებიან სფეროში არსებულ სტრატეგიული დანიშნულების სსიპ-ებს, თემატურად და ფუნქციურად მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებს და გაერთიანდებიან ერთ ორგანიზაციად.

„ცვლილებების შედეგად:

სსიპ ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი  შეუერთდება სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმს.

ეროვნული მუზეუმი დღესდღეობით წარმოადგენს სამუზეუმო სფეროში არსებულ მძლავრ ინსტიტუციას, რომელსაც გააჩნია ფინანსური და ადამიანური რესურსი ისეთი გამოწვევების დასაძლევად, როგორებიცაა სამუზეუმო კონცეფციების შემუშავება, ექსპოზიციების მოდერნიზება და სხვა. ეროვნული მუზეუმის ფონდებში დაცულია საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი კოლხური კულტურის არტეფაქტების უდიდესი ნაწილი. მის შემადგენლობაშია ასევე ამ პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი ვანის ნაქალაქარი. შესაბამისად, ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის ეროვნული მუზეუმის სტრუქტურაში გაერთიანება მიზანშეწონილია როგორც სამეცნიერო, ასევე, ინსტიტუციური გაძლიერების თვალსაზრისით.

საქართველოს  თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან  თემატურად ერთიანდებიან სსიპ-ები –  ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი;

ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექციები, თვისობრივად წარმოადგენს საქართველოს ხელოვნების სასახლის კოლექციების იდენტურს ან მათ გაგრძელებას. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ამ კოლექციების გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს სათანადო კვლევას, შესწავლასა და პოპულარიზაციას.

მუსიკალური საკრავების მუზეუმი 1970-იან წლებამდე წარმოადგენდა ხელოვნების სასახლის ერთ-ერთ განყოფილებას. როგორც ცნობილია, ხელოვნურად მოხდა მუზეუმის და შესაბამისად, კოლექციების გაყოფაც. აქედან გამომდინარე, საკრავების, მათი ისტორიისა და მნიშვნელობის შესწავლისათვის გაცილებით ეფექტური იქნება სამუზეუმო კოლექციის ერთობლიობის აღდგენა”, – აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სსიპ – „მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი“ შეუერთდება სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს.

„საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან მუზეუმების ასოცირება საქართველოში შედარებით ახალი პრაქტიკაა. საერთაშორისო მოდელის მიხედვით კი, ამ მიმართულებით წარმატებული ნაბიჯები გადადგმულია. ამის საუკეთესო მაგალითებს ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტები წარმოადგენენ”, – აცხადებენ სამინისტროში.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სწორი მართვისა და ფუნქციების გადანაწილების შედეგად, ხელი შეეწყობა მუზეუმების საგანმანათლებლო ფუნქციების გაძლიერებასა და მათ ჩართვას საგანმანათლებლო სისტემაში.

„სსიპ – „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“ და სსიპ – „მწერალთა სახლი“ გაერთიანდება და მათ ბაზაზე სსიპ „ლიტერატურის ეროვნული ფონდი“ შეიქმნება. ფონდის საქმიანობის საგანი იქნება:

ეროვნული ლიტერატურის, ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიზნით, ახალი ნაწარმოებების შექმნის, გამოცემის, სხვადასხვა ენაზე თარგმნისა და ხელმისაწვდომობისათვის ხელსაყრელი პირობებისა და მექანიზმების შექმნა; ქართველი მწერლებისთვის სარეზიდენციო პროგრამების დანერგვა; საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მხარდაჭერა; საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა; შემოქმედებითი წერის სწავლების მხარდაჭერა და ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურული კრიტიკის განვითარების წახალისება; ქართული ლიტერატურის სხვა ენებზე და უცხოური ლიტერატურის ქართულად თარგმნის ხელშეწყობა, ქართული ლიტერატურის უცხოურ ენებზე მთარგმნელთა გადამზადება და პროფესიული ქსელების განვითარება; საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, წიგნის ხარისხის კონტროლის, გამომცემლობების და დისტრიბუტორების წახალისების მექანიზმების შემუშავება; გამომცემლობების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა სახის ლიტერატურის გამოცემისა და გავრცელების ხელშეწყობა; ელექტრონული წიგნის განვითარების მიზნით, შესაბამისი გადამზადების პროგრამების შემუშავება ინოვაციური მიდგომებისა და ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით”, – აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ცვლილებების შედეგად, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შეუერთდება ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი.

ამასთან, როგორც სამინისტროში განმარტავენ, 2017 წელს უწყებამ ადმინისტრირებისა და დაფინანსების ყველაზე ეფექტიანი ახალი მოდელის შემუშავებისათვის მოიწვია კულტურის მენეჯმენტში ევროკავშირის ექსპერტი  ტერი სანდელი.

სამინისტროს განცხადებით, სანდელმა საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, სამინისტროს შესთავაზა კულტურის სფეროში მმართველობის გაუმჯობესების სხვადასხვა გზა, რისთვისაც ერთ-ერთ სასურველ ფაქტორად მიჩნეულია სამინისტროს სისტემაში არსებული სსიპ ორგანიზაციების გამსხვილება, მათი ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრა და დამოუკიდებელი საქმიანობის ხელშეწყობა, ან არსებული ორგანიზაციების ბაზაზე ცალკეული დარგების/სექტორების მიხედვით ქოლგა ორგანიზაციის შექმნა.

„შესაბამისად, „კულტურის სატრატეგია 2025-ში“ მოცემული პრიორიტეტებისა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის მენეჯერის, ტერი სანდელის რეკომენდაციების გათვალისწინებით, განხორციელდა კულტურის სფეროში არსებული სსიპ ორგანიზაციების გამსხვილება, რაც ემსახურება კულტურის სექტორში წარმომადგენლობითი/ქოლგა ორგანიზაციების შექმნისა და გაძლიერების მხარდაჭერას”, – აცხადებენ სამინისტროში.