კულტურის სამინისტრო - ვუსამძიმრებთ გელა ჩარკვიანის ოჯახს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო.
„გელა ჩარკვიანის საქმიანობა ბევრ მიმართულებას მოიცავდა – დიპლომატიასა და პოლიტიკას, პუბლიცისტიკას, მწერლობას და მთარგმნელობით საქმიანობას. გელა ჩარკვიანის მოღვაწეობა დაიწყო „საქართველოს ტელევიზიაში“, სადაც იგი 1976-1994 წლებში გადაცემა „გლობუსის“ წამყვანი გახლდათ. წლების განმავლობაში პოლიტიკურ თანამდებობასაც იკავებდა – 1995-2003 წლებში იყო პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. გელა ჩარკვიანი 2006-2009 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში. მან დიპლომატიური საქმიანობა 2011 წელს შეწყვიტა.
გელა ჩარკვიანი მთარგმნელობითი საქმიანობითაც აქტიურად იყო დაკავებული. მის მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა შექსპირის „მეფე ლირი“. ასევე, წიგნის სახით გამოცემულია ჩარკვიანის 1997-2008 წლების საჯარო გამოსვლების ინგლისურენოვანი კრებული, რომელშიც მიმდინარე აქტუალური მოვლენები და თემები სიღრმისეულადაა განხილული და განსაკუთრებული ყურადღება სამხრეთ კავკასიის რეგიონს ეთმობა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს ბატონი გელას ოჯახს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნულია სამინისტროს სამძიმრის წერილში.
ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.